26 მაისი

ხვალ, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

თბილისის მერია

ხვალ, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე 11:00-დან დაიწყება. თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქში გაიმართება კონცერტი ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე, ვიქტორინა ვეფხისტყაოსნიდან, ასევე, სოლიდარობის ფონდის დასახმარებლად ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი და ვეფხისტყაოსნის თემატიკის აქსესუარების გაყიდვა. წლევანდელი 26 მაისის სლოგანია - "მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ".

თავდაცვის სამინისტროს ღონისძიებები კი, წვევამდელთა ფიცის დადებით დაიწყება. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ფიცს დადებს. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩააბარებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყობა. სამხედრო ტექნიკა ასევე გამოიფინება თელავში, გორში, რუსთავში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, ახალციხეში, ფოთში, ზუგდიდსა და ამბროლაურში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. სწორედ 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა საქართველომ დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიისგან. 

კომენტარები