ნავთობის ფასი

აშშ-ის მიერ სირიის დაბომბვას, ნავთობის გაძვირება მოჰყვა

US NAVY

აშშ-მა სირიის საავიაციო ძალებზე სამხედრო იერიში განახორციელა. ხმელთაშუა ზღვაში განთავსებული ორი ავიამზიდიდან აშშ-მ ქალაქ ჰომსში მდებარე სირიის საჰაერო ბაზის მიმართულებით, ტომაჰავკის ტიპის შორი რადიუსის 59 რაკეტა ისროლეს. მომხდარის გამო გლობალურ ბაზრზებზე ნავთობისა და ოქროს ფასი გაიზარდა.

ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება ლონდონის ბირჟაზე 2%-ით გაიზარდა და $53 გახდა, მოგვიანებით გაძვირება მოხდა აშშ-ის ბაზარზეც, სადაც ერთი ბარელის ღირებულებამ $55.7 დოლარსაც მიაღწია. ნავთობის აღნიშნული ფასები 8 მარტის შემდგომ ყველაზე მაღალია.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განმარტებით, საჰაერო იერიშის მიზეზი სირიის ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ილდიბში ქიმიური იარაღის გამოყენება გახდა. ქიმიურ თავდასხმას სულ მცირე 72 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები.

აშშ-ის იერიშმა ბაზარზე გაზარდა მოლოდინები, რომ სირიაში შესაძლოა აშშ-ის ფართომასშტაბიანი სამხედრო მისია დაიწყოს, რაც რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო მეტად დაძაბვის რისკს წარმოადგენს, ამიტომაც ნავთობის ფასები გაიზარდა. 

არსებული მდგომარეობით, მსოფლიოში ყველაზე მეტ ნავთობს რუსეთის ფედერაცია მოიპოვებს. ქვეყნის საშუალო დღიური მოპოვება 10.49 მილიონ ბარელია. რუსეთამდე ყველაზე მსხვილი მომპოვებელი საუდის არაბეთი იყო, თუმცა OPEC-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საუდის არაბეთი ბაზარზე ფასების "დასტაბილურების" მიზნით მოპოვებას ეტაპობრივად ამიცრებს.

უმსხვილესი ნავთობმომპოვებლების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - 10.49 მილიონი ბარელი დღეში
  2. საუდის არაბეთი - 10.46 მილიონი ბარელი დღეში
  3. აშშ - 8.9 მილიონი ბარელი დღეში
  4. ერაყი - 4.9 მილიონი ბარელი დღეში

OPEC-მა, რომელზეც მსოფლიოს ნედლი ნავთობის წარმოების 1/3 მოდის, 2016 წლის ნოემბრის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ყოველდღიური ნავთობმოპოვების 1.2 მილიონი ბარელით შემცირებას ისახავს. ამ შეთანხმებას OPEC-ის არაწევრი რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის, რუსეთიც მიუერთდა.

კომენტარები