ტრანსპორტი

ეკონომიკის სამინისტრო: Ryanair-ის შემოსვლაზე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია

Ryanair

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მა ქართულ ბაზარზე შემოსვლა გადაწყვიტა, ტაბულას ეკონომიკის სამინისტროში არ დაუდასტურეს. სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მათ რაიმე კონკრეტული შედეგი რეისების დაწყების თვალსაზრისით ჯერ არ მოჰყოლია, შესაბამისად, მედიით გავრცელებული ინფორმაცია ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

"ავიაკომპანია რაიანეართან მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს, გაჟღერებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ", - ტაბულას განუცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

ავიაკომპანია Ryanair-თან საქართველოს მთავრობას მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე წელია აქვს, ავიაკომპანიის ხელმძღვანელი დევიდ ობრაიანი საქართველოს გასულ წელსაც სტუმრობდა. პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ობრაიანმა ისიც თქვა, რომ კომპანია ქუთაისის აეროპორტით დაინტერესდა. როგორც ცნობილია, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები 2012 წლის არჩევნებამდეც მიმდინარეობდა.

2016 წელს Ryanair-ი გადაყვანილი მგზავრების მიხედვით ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია იყო. მან გასულ წელს 90 მილიონ მგზავრზე მეტი გადაიყვანა. RYANAIR-ის ფლოტი დღეისთვის 320 Boeing 737-ისგან შედგება, კომპანია წელს დამატებით 153 Boeing-ის შეძენას გეგმავს. 

კომენტარები