ტრანსპორტი

რატომ გაძვირდება ტაქსით სარგებლობა - სექტორის რეგულირების მოსალოდნელი შედეგები

georgiastartshere.com

2018 წლის 1 ოქტომბრიდან კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ ძალაში შევა. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი - 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასო იქნება. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალდება, დარეგულირდება მანქანის ფერიც - ის აუცილებლად თეთრი უნდა იყოს.

რას ცვლის ეს ტაქსის მძღოლებისთვის?

შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც თბილისელი ტაქსის მძღოლების მდგომარეობას გააუარესებს:

  • სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა - შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის მონაცემებით, მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი 2012 წლიდან იზრდებოდა და 2016 წელს დაახლოებით 37 000 ავტომობილი (მთელი ავტოიმპორტის 38.9%) შეადგინა. დღეს ასეთი ავტომობილები როგორც მთლიანი ავტოპარკის, ისე სატაქსო მომსახურებისთვის გამოყენებული მანქანების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, თუმცა რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, ასეთი მანქანების მფლობელები, სამკარიანი მანქანების მფლობელთა მსგავსად, მომსახურების გაწევას ვეღარ შეძლებენ.
  • თეთრი ფერის აუცილებლობა - იმავე 2016 წლის მონაცემებით, თეთრი მსუბუქი ავტომობილების წილი მთლიან ავტოპარკში მხოლოდ 16%-ია. ეს მონაცემები დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 მძღოლიდან 84-ს მანქანის გადაღებვა ან ინდუსტრიიდან გასვლა მოუწევს. ერთჯერადი სრული გადაღებვის საფასური თბილისში 1500-1800 ლარს შეადგენს. ამ შემოსავლის მისაღებად, საშუალო საბაზრო ტარიფით (0.65 ლარი კილომეტრზე), მძღოლს 2300-2800 კმ-ის გავლა მოუწევს, ისიც, თუ ბენზინს და სხვა დანახარჯებს არ გავითვალისწინებთ.
  • სავალდებულო ლიცენზია - 2016 წლის მონაცემებით ჰიბრიდული ავტომობილები მთელი იმპორტის 6%-მდე შეადგენდა, ელექტომობილების წილი კი პრაქტიკულად უმნიშვნელო იყო. ეს გვაფიქრებინებს, რომ ტაქსის მძღოლთა სრულ უმრავლესობას 100 ლარის გადახდა მოუწევს ლიცენზიის ასაღებად.

როგორ აისახება ეს ტაქსის სექტორზე?

გარდა იმისა, რომ ზოგიერთი მძღოლი მანქანის საჭისა და კართა რაოდენობის გამო ვერ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, ბევრი მძღოლისთვის მანქანის ფერის შეცვლისა და ლიცენზიის დანახარჯები შეიძლება გახდეს ის კრიტიკული ფაქტორი, რაც ტაქსების რაოდენობას შეამცირებს. ეს ავტომატურად იწვევს მომხმარებლებისთვის სიტუაციის გაუარესებას:

  • დეფიციტის შემჩნევისთანავე ბუნებრივად გაიზრდება სატაქსო მომსახურების ღირებულება
  • ზოგიერთი მომხმარებელი ვეღარ შეძლებს ამ მომსახურების მიღებას. ეს დააწვება მუნიციპალურ ტრასპორტს, რომელიც ისედაც რთულ მდგომარეობაშია
  • პიკის საათებში დღესაც კი რთულია სატაქსო მომსახურების მიღება - ჩნდება დეფიციტი მანქანებზე და ფასები მატულობს. ტაქსების რაოდენობის შემცირების შემდეგ, პრობლემა უფრო გამწვავდება

მსოფლიო გამოცდილება 

ტაქსის სექტორის რეგულირებაში, მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნების 4 ტიპი გამოიყოფა:

  • რეგულირებული ინდუსტრიაში შესვლით და ფასებით
  • რეგულირებული მხოლოდ ფასებით
  • რეგულირებული მხოლოდ ინდუსტრიაში შესვლით
  • სრულიად დერეგულირებული.

ანგარიში აჩვენებს, რომ რეგულირებულ და დერეგულირებულ ბაზრებს შორის განსხვავება მხოლოდ ტაქსების რაოდენობაა (ლოდინის დრო), ხარისხში განსხვავება კი არ არის ხელშესახები.

ამას გარდა, ამ მხრივ რეგულირებული ბაზრები კონკურენციაში ვერ შედიან თანამედროვე ტექნოლოგიებით მართულ ე.წ. Ridesharing სისტემებთან. ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Uber და Lyft თანდათანობით ანაცვლებენ ტაქსის ტრადიციულ გაგებას. მათი შემოსავლები 2017 წელს, შესაბამისად, 6.5 და 1 მილიარდი დოლარი იყო. არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში ყოველ ერთ ყვითელ ტაქსზე 4 “შავი” ტაქსი მოდის, რომელიც Ridesharing სისტემასთანაა დაკავშირებული.

უზრუნველყოფს თუ არა ლიცენზირება ჩვენს უსაფრთხოებას?

დღეს ლიცენზიის ასაღებად საჭიროა მხოლოდ ID ბარათი და მანქანის რეგისტრაციის მოწმობა. როგორც იუსტიციის სახლში გვითხრეს, ამ ეტაპზე ჯანმრთელობის, ნარკოლოგიური ან ნასამართლეობის ცნობის წარდგენა საჭირო არ არის, რაც აჩენს ეჭვს, რომ ლიცენზირების მთავარი მიზანი არ არის მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვა.

სავარაუდოდ, ტაქსების სექტორის რეგულირება ამით არ დამთავრდება და ახალი წლიდან უფრო მეტ შეზღუდვას უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ ლიცენზიების აუცლიებლობის შესახებ კანონი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება, სატაქსო მომსახურებისთვის განკუთვნილი მანქანის თეთრად გადაღებვა კი 1 იანვრიდან იქნება აუცილებელი.

კომენტარები