რუსთავი 2-ის საქმე

საძაგლიშვილი: თუ არაფერი შეიცვლება, 8 მარტს ქიბარ ხალვაში რ2-ში შესვლას შეძლებს

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ადვოკატი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს აქვს უფლება-მოსილება წევრი ქვეყნების მიმართ მიიღოს დროებითი ღონისძიება და აუკრძალოს მათ გადაწყვეტილების აღსრულება.

"პროცედურულად ადამიანის უფლებათა სასამართლოს აქვს უფლება-მოსილება, რომ მიიღოს დროებითი ღონისძიება და აუკრძალოს წევრ სახელმწიფოს, მათ შორის, გადაწყვეტილების აღსრულებაც. თეორიულად, რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ საქართველომ არ შეასრულოს გადაწყვეტილება, თუმცა ეს არარის სარეკომენდაციო ხასიათის და მაშინ საქართველო დაარღვევს კონვენციის შესაბამის მუხლებს, " - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

საძაგლიშვილის თქმით, ევროსასამართლოს ეს გადაწაყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისადმი გზავნილი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ტიპის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს არასდროს მიუღია შუალედური ღონისძიება.

"ეს იყო ცალსახად გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმდენად, რამდენადაც ასეთი ტიპის საქმეზე და ამ ტიპის დარღვევაზე აქამდე არასდროს ყოფილა სტრასბურგის სასამართლოს მიერ შუალედური ღონისძიება გამოყენებული. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო დარწმუნდა იმაში, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ იბრძვის ხელისუფლება და საჭიროა ჩარევა ამ პროცესში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, თუნდაც იმ სტატუს-კვოს შენარჩუნება, რაც ახლა არსებობს იქამდე, ვიდრე ძირითადი სასჯელის გაგზავნა და შემდეგ უკვე განხილვა განხორციელდება სასამართლოში," - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი ტაბულასთან საუბრისას. 

"ტაბულას" კითხვაზე, თუ რა მოხდება 8 მარტის შემდეგ, დიმიტრი საძაგლიშვილმა გვიპასუხა, რომ ისინი ევროსასამართლოში ამჯერად არსებითი საჩივრის გაგზავნას გეგმავენ. ის, ასევე, აღნიშნავს, რომ მათ მომავალ აპლიკაციას პრიორიტეტი მიენიჭა.

"ჩვენ, პირველ რიგში, მოგვიწევს აპლიკაციის გაგზავნა, ვინაიდან ახლა გაგზავნილი გვქონდა მხოლოდ ამ სახის მოთხოვნაზე განაცხადი და ახლა უკვე არსებითი საჩივრის გაგზავნა მოგვიწევს და, შესაბამისად, სასამართლო უკვე ამის შემდეგ გააგრძელებს მსჯელობას. 8 მარტიდან შესაძლებელია [ქიბარ ხალვაში შევიდეს რუსთავი 2-ის შენობაში], თუ არაფერი შეიცვლება, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ იქამდე ვგეგმავთ მათთან კომუნიკაციას და შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნას, მათ შორის," - განმარტავს საძაგლიშვილი. 

ევროსასამართლომ რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. ინფორმაცია გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე თქვა.

"მინდა მივულოცო მთელს საქართველოს, ძალიან სასიხარულო ცნობა მოვიდა ამ წუთში სტრასბურგის სასამართლოდან. სრულიად უპრეცედენტო, რომელიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. სტრასბურგის სასამართლომ პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. სტრასბურგის სასამართლოს მსგავსი ზომა არ გამოუყენებია არასდროს გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამიანების წამებას", - ამბობს გვარამია.

გვარამიას თქმით, აღსრულება შეჩერებულია 8 მარტამდე, "სანამ სტრასბურგის სასამართლო გაერკვევა, შეჩერებულია აღსრულება. მოგვიანებით გაკეთდება განმარტება სტრასბურგის სასამართლოს მიერ".

გუშინ, 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

კომენტარები