რუსთავი 2-ის საქმე

თავდემები: პრინციპულად მნიშვნელოვანია, რუსთავი 2 დარჩეს ისეთი, როგორიც დღეს არის

თავისუფალი დემოკრატები რუსთავი ორის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას მიიღებენ. პარტია განცხადებას ავრცელებს და R2-ის დამოუკიდებლობის დასაცავად მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, პლურალისტული მედია და კრიტიკული აზრი. 

"ჩვენ სიტყვის თავისუფლებას ვიცავთ ყოველთვის, იმის მიუხედავად, ხელისუფლებაში ვართ თუ ოპოზიციაში. სიტყვის თავისუფლება არის ფუნდამენტური ღირებულება, რომლის დაცვა ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ და მისდამი კრიტიკულად განწყობილ მედიასა და ჟურნალისტებს დაუბრკოლებლად შეეძლებათ საქმიანობა. ამიტომ, რუსთავი 2-ის ისეთი სახით შენარჩუნებას, რომელი სახითაც დღეს არსებობს, ჩვენ პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვიხილავთ, როგორც საკვანძო მომენტს თავისუფალი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის ბრძოლის საქმეში.

თავისუფალი დემოკრატები რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობის დასაცავად მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია სიტყვის თავისუფლება, პლურალისტული მედია და კრიტიკული აზრი. 

ჩვენ ერთად უნდა შევაკავოთ ძალაუფლების უზურპაციისკენ მიდრეკილი ხელისუფლება და მასზე დაქვემდებარებული, პოლიტიზებული სასამართლო. ჩვენ ერთად უნდა დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპები!”, - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა რუსთავი ორის საქმეს დღეს, 2 მარტს, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. რუსთავი 2-ის მხარე მოსამართლეების ნინო გვენეტაძის და მზია თოდუას აცილებას ითხოვს, ხოლო ქიბარ ხალვაშის მხარე - ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის. მათ გარდა, დიდი პალატის შემადგენლობაში არიან მოსამართლეები ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ (ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის შემადგენლობით) რუსთავი 2-ის საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას 22 ნოემბერს გადასცა.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს განიხილავს. დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.

დიდი პალატა საქმეს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით -უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის.

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივრის განხილვა 21 ნოემბერს დაიწყო. ტელეკომპანიის იურისტების შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავდა.

რუსთავი 2 ასაჩივრებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.

კომენტარები