Brexit

გირვანქა სტერლინგი სამი თვის მინიმუმამდე გაუფასურდა - BREXIT

inbusiness.ae

დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით სამი თვის მინიმუმამდე გაუფასურდა, ამჟამად ერთი ფუნტის ღირებულება $1.2 დოლარია.

გაუფასურების მიზეზი BREXIT-თან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მოსალოდნელი განცხადებაა. ქვეყანა დღეს სავარაუდოდ, საქონლისა და მომსახურების ერთიანი ევროპული ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადებს. 

ფუნტის გაუფასურებას შედარებით საიმედო აქტივების - ოქროს, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებისა და იაპონური იენის გამყარება მოჰყვა. 

ფუნტის გაუფასურებას ბაზარზე არსებული გაურკვევლობა იწვევს, ამ დრომდე უცნობია, თუ რა მასშტაბის იქნება ევროკავშირ-ბრიტანეთის "გაყრა", თუმცა სავარაუდოდ ის პრაქტიკულად ყველა შესაძლო მიმართულებით გავრცელდება.

ევროკავშირის ერთიანობა რამდენიმე ძირითადი ხელშეკრულებისა და შეთანხმების ერთობას ეფუძნება - ესენია:

  • ევროპული ეკონომიკური ზონა EEA (მოიცავს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და EFTA-ს სამ ქვეყანას შვეიცარიის გარდა)
  • ევროპული თავისუფალი ვაჭრობის ზონა EFTA (მოიცავს თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, ევროკავშირსა და ევროკავშირის რამდენიმე არაწევრ სახელმწიფოს: შვეიცარიას, ნორვეგიას, ლიხტენშტაინსა და ისლანდიას შორის)
  • ევროკავშირის საბაჟო კავშირი EUCU (მოიცავს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და თურქეთს)
  • ევროზონა (მოიცავს ევროკავშირის 19 ქვეყანას, ბრიტანეთი არ შედის მასში)
  • შენგენის ზონა (მოიცავს 26 ქვეყანას, ბრიტანეთი არ შედის მასში)

კომენტარები