სავალუტო კრიზისი

აზერბაიჯანული მანათი და თურქული ლირა ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა

ბაქო, აზერბაიჯანი
Getty

აზერბაიჯანული და თურქული ვალუტები ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. არსებული მდგომარეობით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 1.71 აზერბაიჯანული მანათი ღირს, თურქეთში კი ერთი დოლარის ღირებულება 3.17 ლირაა. 

აზერბაიჯანული მანათის გაუფასურების ბოლო ტალღა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო, მას შემდეგ დოლართან მიმართებით მანათი 6.8%-ით გაუფასურდა. თურქული ლირა კი ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოს გამო მთელი გასული წლის მანძილზე მაღალი რყევებით ხასიათდებოდა, მათ შორის ყველაზე სწრაფი გაუფასურება 15-16 ივლისის მონაკვეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს იყო. 

აზერბაიჯანში გასული წლების მანძილზე ფიქსირებული სავალუტო რეჟიმი მოქმედებდა. ფიქსირებული კურსის პირობებში კი ქვეყნის ცენტრალური ბანკი კურსის დაჭერისთვის მილიარდობით დოლარის სავალუტო ინტერვენციებს ახორციელებდა. 2015 წლის თებერვალში ცენტრალურმა ბანკმა ერთ დღეში 33%-ით გააუფასურა მანათი, რის შედეგადაც 0.78-დან დოლარის კურსი 1.05 მანათი გახდა. ეს კურსი აზერბაიჯანში დაახლოებით ათი თვის მანძილზე მოქმედებდა, რის შემდეგაც 2015 წლის დეკემბერში ცენტრალურმა ბანკმა ფიქსირებული სავალუტო კურსი თავისუფალი - "მცურავი" სავალუტო რეჟიმით შეცვალა, რის გამოც მანათი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. 2016 წლიდან გაუფასურების პროცესი გაგრძელდა. მანათის ბოლო გაუფასურება, სავარაუდოდ, ნავთობის ფასების შემცირებას უკავშირდება.

გასული წლის მანძილზე აზერბაიჯანული მანათის გაუფასურების გრაფიკი ასე გამოიყურება:

აზერბაიჯანული მანათის გაცვლითი კურსი გასული წლის მანძილზე
ფოტო: Bloomberg.com

ეს კი გასული წლის მანძილზე თურქული ლირას გაუფასურების გრაფიკია:

თურქული ლირას გაცვილითი კურსი გასული წლის მანძილზე
ფოტო: Bloomberg.com

აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან, რის გამოც არსებობს ალბათობა, რომ ამ ქვეყნების ვალუტების გაუფასურება ლარზეც ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

კომენტარები