სავალუტო კრიზისი

ლარი გამყარებას განაგრძობს - ერთი აშშ დოლარი 2.38 ლარი ღირს

ფულის მუზეუმი

ლარის გამყარება გრძელდება - ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.38 ლარს შეადგენს. ეროვნულმა ვალუტამ გამყარება ექვსი დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით 7 თეთრით, ევროსთან კი 10 თეთრით გამყარდა. ერთი ევროს ახალი ოფიციალური კურსი 2.66 ლარია. 

მთავრობა ლარის კურსის შემდგომ გაუფასურებას არ ელის. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შეფასებით, ის მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსზე ახდენდა უარყოფით გავლენას, სრულად ამოწურულია. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ამბობს, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება და ეს ყველასთვის ცნობილია.

ეროვნულმა ბანკმა 23 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე გაზარდა, ერთი დღით ადრე კი სავალუტო ბაზარზე $40-მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა, საიდანაც $27 მილიონი კომერციულმა ბანკებმა იყიდეს. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტის $455 მილიონით შემცირებასთან ერთად იმპორტი $561 მილიონით შემცირდა, იმპორტის შემცირება ექსპორტის შემცირებას წელს სრულად აბალანსებს. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა, წლევანდელი სავალუტო კრიზისის მინიმუმი 21 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთი ამერიკული დოლარი 2.45-ზე 0.0001 თეთრით ნაკლები ღირდა. 

კომენტარები