რუსთავი ორის საქმე

გვენეტაძე: ზეწოლაზე ყვითელი არხის დირექტორის ნათქვამის გადამოწმებას ვერ შევუდგები

ტაბულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა გამორიცხულია. ამასთან, ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ რუსთავი ორის საკასაციო სარჩელის დასაშვებობაზე მოსამართლეების მიმართ ზეწოლის შესახებ ნიკა გვარამიას გავრცელებული ინფორმაცია არ გადაუმოწმებია. გვენეტაძის თქმით, გვარამიას განცხადება "ობიექტურ საფუძვლებს იყო მოკლებული". ცნობისთვის, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ კოლეგიაზე ზეწოლის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა 8 სექტემბერს ისაუბრა.

"ნამდვილად შემიძლია, გითხრათ, რომ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ისეთი კატეგორია, ისეთი კადრიაა, რომელზე ზეწოლაც გამორიცხულია. მე ყვითელი არხის დირექტორის ინფორმაციის გადამოწმებას ნამდვილად ვერ შევუდგები, მაგრამ კიდევ გიმეორებთ, ნამდვილად შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებზე ზეწოლა გამორიცხულია. კონკრეტული საქმის განმხილველ მოსამართლეებს ამ საკითხებზე არ დავეკონტაქტები, იმიტომ, რომ ეს მათ საქმიანობაში ჩარევა იქნება" - ამბობს გვენეტაძე.

რუსთავი ორის კითხვაზე, "ანუ ზეწოლასთან დაკავშირებით არ დაეკონტაქტებით?", უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პასუხობს - "ძალიან გთხოვთ, კორექტულად, თუ შეიძლება. თუ ისინი განაცხადებენ ზეწოლის შესახებ, ჩვენ რეაგირება გვექნება, მაგრამ არავითარი ასეთი განცხადება მათი მხრიდან არ ყოფილა".

კითხვაზე, "ანუ გვარამიას განცხადების გადამოწმება არ ჩათვალეთ საჭიროდ?", ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ "განცხადება, რომელიც ობიექტურ საფუძველს მოკლებულია, არ გადამოწმდება". დამატებით კითხვაზე კი, თუ არ გადაუმოწმებია, საიდან იცის, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა არ ყოფილა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რუსთავი ორის კვლავ ეთიკურობისკენ მოუწოდებს.

"ყველა განცხადება, რომელიც ობიექტური საფუძვლით იქნება, გადავამოწმებ" - ამბობს გვენეტაძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლებმა რუსთავი ორის ადვოკატების საკასაციო საჩივარი დასაშვებად 9 სექტემბერს ცნეს. ბესარიონ ალავიძემ, ეკატერინე გასიტაშვილმა და პაატა ქათამაძემ ასევე უარყვეს ნიკა გვარამიას გავრცელებული ინფორმაცია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე მათზე ზეწოლას ახორციელებს.

კომენტარები