არჩევნები 2016

არასამთავრობოები: შემაშფოთებელია პოლიტიკური ოპონენტებისადმი ფიზიკური ძალადობა

არასამთავრობო ორგანიზაციები


არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკური ძალადობის თაობაზე და მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ 16 სექტემბერს სოფელ გამარჯვებაში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის შტაბის წევრებს.

ენმ-ს ინფორმაციით, ქართული ოცნების აქტივისტმა ლაშა ხაჭვანმა ცივი იარაღით დაჭრა და ცემა ნუგზარ წიკლაურის საარჩევნო შტაბის წევრი ნიკა მჭედლიძე, ასევე ნაცემია ნათია მჭედლიძე. შსს-ს განცხადებით, ინციდენტში ცივი იარაღი არ ფიგურირებდა და დაჭრილიც არავინ არ არის. გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს.

განცხადებაში, რომელსაც ხელს ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, წერია, რომ უკანასკნელ ხანებში მსგავსმა ინციდენტებმა რეგულარული ხასიათი მიიღო. მათ შორის მოხსენიებულია ოფისების დარბევის, გაქურდვის, პარტიის წევრებზე თავდასხმისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ არცერთი ზემოთ ხსენებული ინციდენტი ამ დრომდე არ ყოფილა სრულად გამოძიებული და არც სამართალდამრღვევი პირები ყოფილან სათანადოდ დასჯილნი. სამართალდამცავი ორგანოების ამგვარი პასიურობა მოძალადეთა წახალისებას უწყობს ხელს. აღნიშნულის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს, „ადეკვატური რეაგირება მოახდინონ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკური ძალადობის ყველა ფაქტზე, რათა არ მოხდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელოვნური შეფერხება და უზრუნველყოფილი იქნეს თავისუფალი და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება".

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), დემოკრატიის და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მედიის განვითარების ფონდი (MDF) და საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).

 

კომენტარები