რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: ჩვენი მთავარი არგუმენტია, რომ რ2-ის კანონიერი მფლობელები არიან მართლები

thedailybeast.com

რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარე საქმეში რ2-ის მფლობელთა მთავარი არგუმენტი არის არა ის დოკუმენტი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა წარმოადგინა, არამედ ის, რომ რ2-ის მფლობელებმა ქონების შეძენისას არ იცოდნენ და არც იყვნენ სამართლებრივად ვალდებული, სცოდნოდათ ის პერიპეტიები, რომლებიც მიმდინარეობდა რ2-ის ირგვლივ წინა წლებში.

"ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა უზენაეს სასამართლოში, ასევე ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილმა დოკუმენტებმა გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა და ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, მკაფიოდ განვმარტოთ, რაშია საქმე რ2-ის საქმესთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი უმთავრესი არგუმენტი არის არა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება, რომელსაც თავისი წონა აქვს, არამედ ის, რომ რ2-ის კანონიერი მფლობელები არიან აბსოლუტურად მართლები სამართლებრივი, მორალური და სამართლიანობის თვალსაზრისითაც. მათ ეს ქონება შეიძინეს კანონიერად, მათთვის აბსოლუტურად უცხოა ის პერიპეტიები, რომლებიც მიმდინარეობდა რ2-ის ირგვლივ წინა წლებში. მათ ეს არ იცოდნენ, არ შეიძლებოდა და არც იყვნენ ვალდებული სამართლებრივად, რომ სცოდნოდათ, ამიტომ მათ მიერ განხორციელებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის სრულიად კანონიერი და მისი ბათილობის საკითხი არის სასამართლოში. შესაბამისად, პირველი ორი ინსტანციის გადაწყვეტილებები არის სრულიად უკანონო. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, რომელსაც ეყრდნობა რ2-ის მფლობელთა პოზიციები", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს სწორედ იმ შემადგენლობამ, რომელიც დღეს იხილავს რუსთავი 2-ის საქმეს, 2 თვის წინ ანალოგიურ საქმეზე დაადგინა, რომ ფასის დისპროპორციულობის გამო არ შეიძლება საკუთრებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ბათილობა. გვარამის თქმითვე, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ იმავე შემადგენლობამ რ2-ის საქმეზე განსხვავებული გადაწყვეტილება გამოიტანოს.

"აბსოლუტურად იდენტურ ვითარებაში, ოღონდ იქ მოდავეები იყვნენ გამყიდველი და მყიდველი, ჩვენს შემთხვევაში არიან - გამყიდველი და მეათე მყიდველი. ფასის დისპროპორციულობა ჩვენს შემთხვევაში დადგენილია სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემ მიერ ხსენებულ საქმეში ამავე შემადგენლობამ დაადგინა, რომ დიახ, ფასის დისპროპორციის გამო არ შეიძლება ხელშეკრულების ბათილობა, გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე უკან დააბრუნა განსახილველად. შესაბამისად, ამავე შემადგენლობამ შეუძლებელია განსხვავებული რამე თქვას იმავე და სამართლებრივად კიდევ უფრო აბსურდულ საქმეზე. ამიტომ, ჩვენ მოველით ამ საქმის დასაშვებად ცნობას და კასაციის სრულად დაკმაყოფილებას", - თქვა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ, ასევე, ისაუბრა ე.წ. ამიკუსზე, რომლის ავტორიც თეიმურაზ თოდრიაა. გვარამიას თქმით, თოდრია სწორედ იმ დისერტაციის ავტორია, რომელსაც სააპელაციო სასამართლო რ2-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო. რუსთავი 2-ის დირექტორმა განაცხადა, რომ თოდრიას მიერ შედგენილ ე.წ. ამიკუსში იკვეთება, რომ: 1. ფასის დისპროპორციის დროს არ შეიძლება, ბათილობა დადგეს. 2. კეთილსინდისიერი შემძენისთვის, როგორი დისპროპორციაც არ უნდა იყოს პირველ ტრანზაქციაში, არ შეიძლება ქონების ჩამორთმევა. 3. საქმეში იმდენი პროცედურული დარღვევაა, რომ იგი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს და დაბრუნდეს უკან.

"შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ თოდრიას დისერტაცია არის ის ერთადერთი წყარო, რომელსაც სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო თავის გადაწყვეტილებაში. სწორედ ამ დისერტაციის ავტორი ამბობს, რომ ეს დისერტაცია გაიგეს არასწორად სასამართლო მსჯელობა არის აბსოლუტურად უკანონო და არალოგიკური", - თქვა ნიკა გვარამიამ.

ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით კი ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი რუსთავი 2-ის მფლობელების მთავარ არგუმენტს არ წარმოადგენს, თუმცა არსებითაც ცვლის საქმეს. მისი თქმით, ამ დოკუმენტის მიხედვით, ქიბარ ხალვაშს არ გააჩნია კანონიერი ინტერესები და უფლებები რ2-ის ქონებასთან დაკავშირებით, შესაბამისად მისი ინტერესები და უფლებები ვერ შეილახებოდა.

"რაც შეეხება ბატონი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, როგორც მოგახსენეთ, ეს არ არის ჩვენი მთავარი ე.წ. კოზირი, რა თქმა უნდა. მიუხედავად ამისა, ამ დოკუმენტს აქვს თავისი ფასი და მნიშვნელობა. ეს დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ფასის დისპროპორცია კი არა, საერთოდ არავითარ გარემოებას ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებით მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ იგი არ წარმოადგენდა რ2-ის რეალურ მფლობელს. იგი იყო მხოლოდ სახელი და გვარი. შესაბამისად, მისი უფლებები და ინტერესები ვერ შეილახებოდა ფიზიკურად იმიტომ, რომ მას ეს უფლებები და ინტერესები არ გააჩნდა ამ ქონებასთან მიმართებით, იგი არასდროს არ ფლობდა ამ ქონებას. შესაბამისად, მისი მხრიდან ზედმეტია საუბარი რაიმე უფლებების ან ქონებრივი ზიანის მიღებაზე ან ა.შ.", - თქვა გვარამიამ.

უკვე ორი დღეა, უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს განიხილავს. განხილვა ზეპირი მოსმენის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მიმდინარეობს.

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი 13 ივლისს შეიტანეს. ადვოკატების განცხადებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობაც საკმარისია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისთვის.

კომენტარები