დემურ სტურუას საქმე

პოლიციელი, რომელსაც სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინა, მიმალვაშია

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელ გოდერძი თევზაძეს ბრალი წარუდგინა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა. პროკურატურა მიმართავს სასამართლოს, თევზაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდოს. უწყების განმარტებით, ბრალდებული თავს არიდებს გამოძიებას და მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ძებნას დაიწყებენ. 

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, გ.თევზაძემ დ.სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა, პოლიციასთან თანამშრომლობას.

გოდერძი თევზაძის მუქარამ გამოიწვია ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დემურ სტურუას შიში, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიაწვდიდა გ.თევზაძე შეასრულებდა მუქარას. აღნიშნულის შედეგად დ.სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება.

ვინაიდან, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით. ასევე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად გ.თევზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. გ.თევზაძის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების შემდეგ მის მიმართ გამოცხადდება ძებნა" - აცხადებს პროკურატურა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშში 22 წლის დემურ სტურუამ თავი 8 აგვისტოს ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც სტურუამ თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ "პოლიციელი გოდერძი თევზაძე მემუქრებოდა, ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა". 

კომენტარები