დემურ სტურუას საქმე

სტურუას დედა: შეიძლება, თევზაძე არ არის მკვლელი და ნამდვილი დამნაშავე თავისუფალია

სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაიბარეს. გამოძიება ნანა ჯოჯუას დღევანდელი განცხადებით დაინტერესდა. კერძოდ, სტურუას დედის თქმით, მას ვიღაცები აშინებენ. ნანა ჯოჯუამ დღესვე თქვა, რომ შესაძლოა, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე უდანაშაულოა და რეალური დამნაშავე თავისუფალი იყოს.

"არჩევნებისთვის ყველამ გამომიყენა და ყველა წავიდა თავის გზით. არავის არ აინტერესებს უკვე არაფერი. სასამართლოებიც უმიზეზოდ რამდენჯერმე გადაიდო. ამბობენ, გოდერძი თევზაძე არ არის მკვლელიო, მაშინ ეჭვი მაქვს, რომ ჩემი შვილის მკვლელი გარეთ, თავისუფალი დადის. ვიღაცები მაშინებენ და ამის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ სად არის შედეგები? ვფიქრობ იმასაც, რომ გოდერძი თევზაძე შეიძლება არ იყოს მკვლელი და ნამდვილი დამნაშავე თავისუფალია, ამიტომ დღესაც შიშის ქვეშ ვარ" , - განაცხადა ნონა ჯოჯუამ ინტერპრესნიუსის ცნობით.

დემურ სტურუამ 8 აგვისტოს სოფელ დაფნარში თავი მოიკლა. გარდაცვლილი დატოვებულ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე მიუთითებდა. ამასთან, 22 წლის დემურ სტურუას ოჯახის წევრების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ გარდაცვლილი თვითმკვლელობამდე ნაწამებია. ოჯახის წევრების ცნობით, დოკუმენტში წერია, რომ გარდაცვლილს დაზიანებები ენასა და მარჯვენა ფეხზე აღენიშნება.

დემურ სტურუას თვითმკვლობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე პოლიციას 13 სექტემბერს ჩაბარდა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული. თევზაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ის გამოძიებას არ ემალებოდა.

კომენტარები