მოსამართლეებზე ზეწოლა

ტურავა: პაპუაშვილის განცხადება მოსამართლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო

constcourt.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას შეფასებით, შესაძლოა, გიორგი პაპუაშვილის მიერ ზეწოლაზე გაკეთებული განცხადება პრევენციას უკავშირდებოდეს. ტურავა პრაიმტაიმთან საუბარში ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება მოსამართლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. 

|გიგი უგულავასა და „კაბელების საქმეზე" პროცესი იყო ჩანიშნული, როდესაც თავმჯდომარემ წინა დღეს გააჟღერა ეს საჯარო ბრალდება. ამ განცხადებამ მოსამართლეთა უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია. მოსამართლეს, რომელიც საქმეს იხილავს და არ იცის, მის გვერდით მჯდომი რომელი კოლეგაა ზეწოლის ქვეშ, გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება, რადგან ფიქრობს, რომ რომელიღაც მათგანი ვერ მიიღებს ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას. სწორედ თავმჯდომარის განცხადება გახდა ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის მატარებელი მოსამართლეებისთვის. გიორგი პაპუაშვილს შეეძლო, წინა დღეს ჩაეტარებინა პლენუმის დახურული სხდომა და იქ შეეთანხმებინა მოსამართლეებთან მისი განცხადების შინაარსი. მას ამ დროს აუცილებლად გვერდით უნდა ჰყოლოდა ის მოსამართლე, ან მოსამართლეები, რომელზეც ზეწოლა ხორციელდებოდა. რაკი ასე არ მოხდა, მეორე დღეს, როცა ჩვენ დარბაზში შევედით, დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ სანამ პროკურატურა არ დაადგენს, ვისზე ხდებოდა ზეწოლა, ან ხდებოდა თუ არა ეს ზეწოლა საერთოდ, არ გაგვეგრძელებინა საქმის განხილვა. ეს გავაკეთეთ იმის გამო, რომ საზოგადოების თვალში ჩვენ არ ვყოფილიყავით ეჭვმიტანილები „ზეწოლის" გამო მიკერძოებულობაში" - აცხადებს ტურავა.

მისივე თქმით, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ზეწოლა იყო არა ხელისუფლების, არამედ "სხვა რომელიმე ძალის" მხრიდან.

"რათა ასეთი დაუკონკრეტებელი და ზოგადი ინფორმაციით მოსამართლეების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დამდგარიყო. იქნებ ჩანაფიქრი სულ სხვა იყო, ვთქვათ ასეთი – მოდი, ჩვენ პრევენციის სახით ახლა გამოვაცხადოთ, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა, ისინი გახდებიან ეჭვმიტანილები, ისინი იძულებული იქნებიან, ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღონ კონკრეტულ საქმეზე და თუ ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ეს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იქნება დისკრედიტებული და გახდება დაუსრულებელი პოლიტიკური დისკუსიებისა და სპეკულაციის საგანი" - თქვა ტურავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს ისაუბრა.

კომენტარები