საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც საქართველოს 18 სექტემბრის შემდეგ დატოვებენ, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან კონკრეტულ ქვეყანაში ჩასვლისას რეგისტრაციის პროცესი დასრულებული იქნება.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მოქალაქეებს არ აძლევს უფლებას, არჩევნებისთვის საქართველოდან დისტანციურად, წინასწარ დარეგისტრირდნენ. ცესკო-ს პრესსამსახური ამბობს, რომ ცესკო არ ადგენს უცხოეთში უბნებზე რეგისტრაციის წესს და კანონის ნორმაზე (საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი) მიგვითითებს, სადაც არ წერია, რომ უცხოეთში ხმის მისაცემად რეგისტრაციისთვის ამომრჩეველი აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე.
"ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა გადასცემს ცესკოს", - წერია ცესკო-ს მიერ მითითებულ კანონში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს იგივე, რაც ცესკო-ში:
"მოქალაქე საქართველოში არ უნდა იმყოფებოდეს, აქედან რეგისტრაციას ვერ გაივლის. უნდა ჩავიდეს იქ".
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ტაბულას უთხრა, რომ არ არსებობს კანონი, რომელიც მოქალაქეს ავალდებულებს, რომ უცხოეთში ხმის მისაცემად რეგისტრაციისთვის, ის აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე.
"წერილობით მიმართვის განსაზღვრა კანონით არ არის დადგენილი და არც დადგენილება არსებობს, რომ რაიმე სპეციალური წესი იყოს გათვალისწინებული. შესაბამისად, დგება ის შედეგი, რომ მოქალაქე, ფაქტობრივად, კარგავს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას", - ამბობს რატი თინიკაშვილი.
სამართლიანი არჩევნების იურისტის, თათია ქინქლაძის განმარტებით, რადგან პრაქტიკაში ასეთი პრობლემა არსებობს, შესაძლოა, საჭირო გახდეს რაიმე სამართლებრივი აქტის მიღება.
"ეს არც საარჩევნო კანონით არ არის დარეგულირებული და არც ცესკოს აქვს განსხვავებული სამართლებრივი აქტი. ჩვენთვის ამ პრობლემით არავის მოუმართავს, დავინტერესდებით ამ საკითხით, ცესკოსთანაც გვექნება კონსულტაცია იმიტომ, რომ ნამდვილად არ არის დარეგულირებული, ასეთი შეზღუდვა არ არსებობს. რადგან პრაქტიკაში ასეთი პრობლემა არსებობს, შესაძლებელია, საჭირო გახდეს რაიმე სამართლებრივი აქტის მიღება", - აღნიშნა თათია ქინქლაძემ.





