ტურიზმი

პრემიერი: ტურიზმის მიმართულებით გვაქვს სახარბიელო მაჩვენებლები

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ტურიზმის მიმართულებით "სახარბიელო მაჩვენებლები გვაქვს". ის 2016 წლის 7 თვეში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობას "უპრეცედენტოს" უწოდებს.

"მინდა, სიხარულით აღვნიშნო, ტურიზმის მიმართულებით გვაქვს სახარბიელო მაჩვენებლები. 7 თვეში ტურიზმმა შეადგინა 3.4 მილიონზე მეტი, რაც არის უპრეცედენტო მაჩვენებელი და 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ასევე რეკორდული იყო ივლისი, 390 ათასი ვიზიტორი შემოვიდა", - თქვა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, შემოდგომიდან გააქტიურდება მთავრობის მიერ შექმნილი ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო, რომლის მეშვეობითაც Check In Georgia-ს მსგავსი ახალი პროექტები დაიგეგმება.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ივლისის თვის ტურისტული მაჩვენებლები გუშინ გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, ივლისში ვიზიტორთა ნაკადი 3.5%-ით გაიზარდა. ამასთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ რეგიონში არსებული მდგომარეობის გამო საქართველომ ივლისში დაახლოებით 30 ათასი საერთაშორისო ვიზიტი დაკარგა.

რაც შეეხება 2016 წლის შვიდი თვის (იანვარ-ივლისის) მონაცემებს, საქართველოს საზღვარი სულ 3.4-მა მილიონმა უცხოეთის მოქალაქემ გადმოკვეთა. აქედან 24 საათზე მეტხანს 1.4-მა მილიონმა ადამიანმა დაჰყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17.5%-ით აღემატება. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ტურისტად სწორედ ის პირები შეიძლება ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში ერთ დღეზე მეტხანს იმყოფებოდა და საქართველოს მომსახურების სექტორით ისარგებლა. 

2016 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+15.1%), თურქეთიდან (+1.6%), სომხეთიდან (-0.8%), რუსეთიდან (+10.3%) და უკრაინიდან (+24.3%) დაფიქსირდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დათვალა, თუ რა მოცულობის შემოსავლები მიიღო საქართველომ ტურიზმიდან. პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა $354 მილიონი დოლარია, რაც წინა წლის მაჩვენებლებს $48 მილიონით (+15.7%) აღემატება.

იზრდება ტურიზმის წილი მთლიან ეკონომიკაშიც და ის წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 6.8%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ტურიზმის წილი ეკონომიკაში 6.7% იყო.

კომენტარები