NDI-ის კვლევა

თორნტონი: პარტიების რეიტინგები დაბალია არჩევნების შედეგების განსასაზღვრად

ლორა თორნტონი
ტაბულა

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის თქმით, NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით პარტიების ინდივიდუალური რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ შეუძლებელია არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველება. მისივე განცხადებით, ეს შედეგები გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს პარტებისთვის, რომლებსაც არჩევნებამდე ორი თვე დარჩათ.

"ეს არის ჩვენი ბოლო კვლევა არჩევნებამდე, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობაში არჩევნებზე მისვლის და ხმის მიცემის სურვილი დიდია, თუმცა კვლავაც არ იცის უმრავლესობამ, თუ ვის მისცემს ხმას. 67% ამბობს, რომ წავა არჩევნებზე, 57%-ის არჩევანი გადაუწყვეტელია. რაც შეეხება პარტიების ინდივიდუალურ რეიტინგებს, იმდენად დაბალია ეს რიცხვები, რომ შეუძლებელია მათი საშუალებით ვცადოთ წინასწარმეტყველება, თუ რა შედეგი დადგება არჩევნებზე. ოქტომბრის შედეგები მთლიანად იქნება დამოკიდებული იმ ხალხზე, ვინც მიდის არჩევნებზე, მაგრამ ჯერ არ იცის ვის მისცემს ხმას. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს მონაცემები გამოსაფხიზლებელი იქნება პარტიებისთვის, რომლებსაც ორი თვე დარჩათ", - თქვა ლორა თორნტონმა.

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემს ხმას, გადაწყვეტილი აქვს მოსახლეობის 38%-ს, გადაუწყვეტელია - 57%. 2015 წლის აგვისტოს კვლევასთან შედარებით, გადაწყვეტილ ამომრჩეველთა პროცენტული მაჩვენებელი 10 ერთეულითაა გაზრდილი, გადაუწყვეტელის რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ყველაზე მეტი - 33% პასუხობს, რომ "არ იცის", ქართულ ოცნებას ხმას აძლევს 17%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 14%, არცერთ პარტიას - 5%, შემდეგ მოდის პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისათვის (4%) და პატრიოტთა ალიანსი (3%).

კომენტარები