ფარული ჩანაწერები

პეტრიაშვილი: გამოძიება ფარულ ჩანაწერებზე ბუნდოვანებითაა მოცული

ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი თავდაცვის მინსტრის, თინა ხიდაშელის შეფასებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოუდგენელია. პეტრიაშვილის თქმით, მისი და მისი მეუღლის შემთხვევაშიც პროკურატურამ კონკრეტული ადამიანები დაკითხა და ამის იქით საქმე არ წასულა. მისივე განცხადებით, როდესაც ხდება ორი ადამიანის ვაიბერ-მიმოწერის გაშიფვრა მესამე პირის მიერ, ამაზე გამოძიებას სწრაფი რეაგირება უნდა ჰქონდეს.

"კონკრეტულად ჩემი და ჩემი მეუღლის შემთხვევასთან მიმართებაში პროკურატურამ ჩაატარა გამოკითხვა, ალბათ, კონკრეტული ადამიანები დაიკითხნენ და ამის იქით საქმე არ წასულა. რეალურად როდესაც ქვეყანაში ხდება ორი ადამიანის ვაიბერ-მიმოწერის გაშიფვრა, ორი ადამიანის კომუნიკაციის ხელში ჩაგდება მესამე პირის მიერ, ამაზე გამოძიებას ძალიან სწრაფი რეაგირება სჭირდება, რაც, სამწუხაროდ, არ მინახავს", - თქვა ალექსი პეტრიაშვილმა.

ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ სხვა მოქალაქეების მსგავსად, თინა ხიდაშელის განცხადებაშიც მაღალი ინტერესი არსებობს და საჭიროა დროული პასუხები იყოს გაცემული პროკურატურის მხრიდან, რატომ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რა ეფექტის მომტანია გამოძიებისთვის, რის საფუძველზეც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. პეტრიაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იმთავითვე არსებობდა, რადგან პირველად დააკავეს სრულიად გაუგებარი ჯგუფი, რომელსაც ამ საქმესთან, ალბათ, შეხებაც არ ჰქონდა, შემდეგ სხვა ჯგუფი დააკავეს და ახლა ვიგებთ, რომ უკვე საპროცესო შეთანხმებით ხდება ადამიანების გათავისუფლება.

"საპროცესო შეთანხმების გაფორმება ხდება მაშინ, როდესაც პირი თანამშრომლობს გამოძიებასთან, აწვდის ინფორმაციას და იმხელა სარგებელი მოაქვს გამოძიებისთვის, რომ უფრო დიდი დანაშაულის ან მისი ჩამდენის გამოვლინება ხდება. ზოგადად, გამოძიება ფარულ ჩანაწერებზე, ვიდეოს ატვირთვაზე, თვალთვალზე, უკანონო მოსმენებზე, ბუნდოვანებით არის მოცული", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები