Brexit

ტუსკი: რეფერენდუმის პოლიტიკურ შედეგზე საუბარი ნაადრევია

EPP

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის თქმით, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის პოლიტიკური შედეგის პროგნოზირება ნაადრევია.

"რეფერენდუმის სხვანაირი შედეგი გვსურდა. გაცნობიერებული მაქვს, რამდენად სერიოზული და დრამატულია პოლიტიკური თვალსაზრისით ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა. ჯერ ძალიან ადრეა, ვიწინასწარმეტყველოთ, როგორ პოლიტიკურ შედეგს მოუტანს ეს გადაწყვეტილება ბრიტანეთსა და ევროკავშირს. ეს არის ისტორიული მომენტი, თუმცა, არ არის ისტერიული რეაქციებისთვის შესაფერისი დრო. გარწმუნებთ, რომ ნეგატიური სცენარისთვის მზად ვართ. შემიძლია, ევროკავშირის უკვე 27-ვე ლიდერის სახელით ვთქვა, რომ ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი, ერთიანობა შევინარჩუნოთ. ბოლო წლები ევროკავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, თუმცა, რაც არ გკლავს, გვაძლიერებს", - განაცხადა ტუსკმა.

ტუსკის თქმით, რეფერენდუმის შედეგი ევროპაში იურიდიულ ვაკუუმს არ შექმნის, რადგან, სანამ ბრიტანეთი ევროკავშირს ფორმალურად არ დატოვებს, მათთვისაც ევროპული კანონმდებლობა იმოქმედებს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა კი განაცხადა, რომ ის აუცილებლად დაელაპარაკება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს იმის შესახებ, თუ როგორ აირიდოს ევროკავშირმა "ჯაჭვური რეაქცია".

"ევროსკეპტიკოსებს "ჯაჭვური რეაქციის" იმედი გაუჩნდათ, თუმცა, ეს არ მოხდება. ბრიტანეთმა, უბრალოდ, კავშირი გაწყვიტა ამ ბაზართან. ამას მოჰყვება შედეგები, არ მჯერა რომ სხვა ქვეყნები გაბედავენ ამ სახიფათო ბილიკის გავლას", - აღნიშნა შულცმა.

ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის მემარჯვენე-ცენტრისტული ჯგუფის თავმჯდომარე მანფრედ ვებერმა კი განაცხადა, რომ ბრიტანეთმა ის ხაზი გადაკვეთა, საიდანაც უკან დასახევი გზა არ არსებობს. მისი თქმით, რეფერენდუმის შედეგები ორივე მხარეს საფრთხის ქვეშ აყენებს. მისივე განმარტებით, ბრიტანეთი ევროკავშირს დაუყოვნებლივ ვერ დატოვებს და ამ პროცესს მაქსიმუმ 2 წელი დასჭირდება.

კომენტარები