ტრანსპორტი

რკინიგზა: სიცრუეა განცხადებები, რომ ახალი მატარებლები გვირაბებში არ ეტევა

flickr.com

საქართველოს რკინიგზა სიცრუეს უწოდებს სამოქალაქო პლათფორმა "ახალი საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრის, გივი კუბლაშვილის განცხადებას, რომ რკინიგზის მიერ შესყიდული ახალი ორსართულიანი მატარებლები რკინიგზის მოქმედ ინფრასტრუქტურასთან არათავსებადია. რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია ამბობს, რომ ეს განცხადებები რკინიგზის დისკრედიტაციას ისახავენ მიზნად. 

საქართველოს რკინიგზამ ახალი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულებას ხელი 25 მაისს მოაწერა, გარიგების ღირებულება €40 მილიონია. ახალი მატარებელი საქართველოში 17 ივლისს შემოვა და ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, თბილისიდან ბათუმის მიმართულებაზე დადგება. 

"მატარებლის ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. ამასთან, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს რკინიგზის მოქმედ გაბარიტებს. ლიანდაგის სიგანე, რომელზეც მატარებელია გათვლილი 1520 მმ-ია. ელექტრომატარებლის სიგრძე 101,7 მეტრია, ხოლო სიგანე 3400 მმ, ახალი ელექტრომატარებლის სიმაღლე 5240 მილიმეტრს შეადგენს. მატარებელი 400 მგზავრზეა გათვლილი. ტექნიკური მოთხოვნების შესამუშავებლად საქართველოს რკინიგზამ Deutsche Bahn-ის ექსპერტების მომსახურებით ისარგებლა. ტექნიკურ პარამეტრებზე გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ქართული მხარეც მუშაობდა." - წერია რკინიგზის საიტზე.

"დაიწყეს იმის კვლევა თუ რამდენად შეძლებდა მატარებელი წიფის გვირაბში გავლას, ამისათვის აეგო სპეციალური მაკეტი და დადგინდა შემდეგი: როგორც რკინიგზელებთან კონსულტაციით დადგინდა, გვირაბში გავლას ერთდროულად ორი მატარებელი ვერ შეძლებს და გვირაბის მონაკვეთზე მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/საათს;აღნიშნული მატარებლებისთვის დეპო არ არის მზად და საჭიროებს რეკონსტრუქციას." - ამბობს გივი კუბლაშვილი.

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია კი ამბობს, რომ მატარებლის სართულებზე აპელირება აზრს მოკლებულია, რადგანაც მატარებლის ყველაზე მაღალი წერტილი, არის ანძა რომლითაც მატარებელი ელექტროენერგიას იღებს, ეს სიმაღლე კი ყველა მატარებლისთვის ერთნაირია.

"თავიდან გვეგონა, ამაზე ნახევრად ხუმრობით საუბრობენ, მერე კი აღმოჩნდა, რომ სერიოზულად ამბობდნენ. მაინტერესებს, როდესაც ჩამოვა ეს მატარებელი და გაეტევა იმ გვირაბში, თუ მოიხდის ეს პარტია ბოდიშს."- ამბობს ცაგურია.

ახალი ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართელბით შეჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში - ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში გაჩერდება.

კომენტარები