წყნეთის აგარაკები

ივანიშვილი: აგარაკებიდან ხალხი რაღამც გამოასახლეს, ამიტომ მთავრობა შესახლდება?

ტაბულა

ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას არ აქვს ფაქტები, რომ მთავრობა წყნეთის აგარაკებზე ასვლას აპირებს. ტაბულამ ივანიშვილს ჰკითხა - "თქვენ და თქვენი გუნდის წევრები წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდით იმისთვის, რომ სახელმწიფო აგარაკებს ქირაობდნენ. როგორც ირკვევა, ახლა წყნეთის აგარაკებზე ისევ მთავრობა ადის, ხალხი გამოასახლეს - აუქციონით ჰქონდათ სახელმწიფოსგან ნაქირავები. რატომ ლანძღავდით წინა ხელისუფლებას იმისთვის, რასაც თქვენი რჩეულებიც აკეთებენ?". ივანიშვილმა პასუხად თქვა, რომ ეს შესაძლოა, ტაბულას მოგონილი იყოს.

"მე არ მაქვს არავითარი ფაქტები, რომ ისინი აპირებდნენ აგარაკებზე ასვლას ან აპირებენ, ეს შეიძლება, თქვენი მონაგონი იყოს, რისი ოსტატებიც ბრძანდებით. მე არ გამიგია, რომ აგარაკებზე სიარული დაიწყო მთავრობამ და მითუმეტეს მშენებლობა. ხალხი რაღამც გამოასახლეს, თვითონ კვირიკაშვილი შესახლდება? კითხვაშივე ცდილობთ, რომ დაამახინჯოთ. მთავრობისთვის აგარაკების მშენებლობა ბიუჯეტში იყო შეტანილი და ბიუჯეტის პროექტში, როდესაც ჩვენ მოვედით. აი, თქვენს ბოკერიას... 30 მლნ ნაღდი ფული ჰქონდათ გამოტანილი, დღესაც არ არის გამოძიება დამთავრებული და როგორ ექცეოდნენ საბიუჯეტო თანხებს, კიდევ შეგახსენებდით. მათ რიცხვში, აგარაკების მშენებლობასაც აპირებდნენ და დღეს რასაც თქვენ ამბობთ, არავითარი ფაქტები არ გაგაჩნიათ, რომ ახალი ხელისუფლება აპირებს აგარაკების მშენებლობას" - თქვა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი წყნეთის აგარაკების გაქირავების პროცესის შეჩერებას ეკონომიკის მინისტრი ადასტურებს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აგარაკები იყიდება და დაინტერესებული ინვესტორიც უკვე გამოჩნდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ აგარაკების გასხვისებაზე საჯარო აუქციონი გამოცხადებული არ არის. იქ მცხოვრებ მოიჯარეთა ნაწილის თქმით, კონტრაქტები შეუწყდათ, რის გამოც მათ ტერიტორიის სამ დღეში დატოვების ულტიმატუმი წაუყენეს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ერთადერთი, ვინც აგარაკების ქირაობით არის დაინტერესებული, ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილია. 

ეკონომიკის მინისტრის ამ განცხადებას სიცრუეს უწოდებს ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და წყნეთის აგარაკებით მის დაინტერესებას კატეგორიულად გამორიცხავს. ჩერგოლეიშვილის თქმითვე, მას შიდა წყაროებიდან აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყნეთის აგარაკების კვლავ სამთავრობო ზონად გადაკეთებას აპირებენ.

წყნეთის აგარაკები 2015 წლიდან საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაშია შესული, თუმცა ამ გარემოებას აქამდე მისი შენობების ნაწილის გაქირავებისთვის ხელი არ შეუშლია. გასული სამი წლის განმავლობაში წყნეთის აგარაკები აუქციონის წესით ქირავდებოდა და ვინც მეტს იხდიდა, ის სარგებლობდა. 100 475 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მთავრობა $21 მილიონად ყიდის, თუმცა ჯერ-ჯერობით არცერთი ინვესტორი ამ ობიექტით ისე არ დაინტერესებულა, რომ მასზე საჯარო აუქციონი გამოცხადებულიყო. ქონების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ სახელმწიფოსთვის ამ ქონების პრივატიზაცია მის იჯარით გაცემასთან შედარებით გაცილებით მომგებიანია, ამიტომაც უპირატესობა ქონების გაყიდვას მიენიჭა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით ქონება აუქციონზე გატანილი არაა უცნობია თუ რატომ შეწყვიტა სახელმწიფომ ქონების იჯარისგან მიღებული გარკვეული შემოსავლების მიღების პროცესი. 

კომენტარები