წყნეთის აგარაკები

სამინისტრო წყნეთის აგარაკების გაქირავებას წყვეტს, მოიჯარეებს კი ასახლებს

წყნეთის სამთავრობო აგარაკები
nasp.gov.ge

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი წყნეთის აგარაკების გაქირავების პროცესი შეჩერებულია, ამის მიზეზად სსიპ ქონების მართვის სააგენტოში აცხადებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ამ ქონების რეალიზაციის გაცილებით უფრო ეფექტური გზა მისი პრივატიზება იქნება. ამ გადაწყვეტილების გამო მოიჯარეთა ნაწილის თქმით, მათი კონტრაქტები შეწყდა, რის გამოც მათ ტერიტორიის სამ დღეში დატოვების ულტიმატუმს უყენებენ.

წყნეთის აგარაკები 2015 წლიდან საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაშია შესული, თუმცა ამ გარემოებას აქამდე მისი შენობების ნაწილის გაქირავებისთვის ხელი არ შეუშლია. 100 475 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მთავრობა $21 მილიონად ყიდის, თუმცა ჯერ-ჯერობით არცერთი ინვესტორი ამ ობიექტით ისე არ დაინტერესებულა, რომ მასზე საჯარო აუქციონი გამოცხადებულიყო. ქონების მართვის სააგენტოში ადასტურებენ, რომ რამდენიმე ინვესტორთან ობიექტის შესყიდვაზე საუბარი მიმდინარეობდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით შენობა აუქციონზე გატანილი არაა. 

ქონების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ სახელმწიფოსთვის ამ ქონების პრივატიზაცია მის იჯარით გაცემასთან შედარებით გაცილებით მომგებიანია, ამიტომაც უპირატესობა ქონების გაყიდვას მიენიჭა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით ქონება აუქციონზე გატანილი არაა უცნობია თუ რატომ შეწყვიტა სახელმწიფომ ქონების იჯარისგან მიღებული გარკვეული შემოსავლების მიღების პროცესი.

ტაბულამ წყნეთის აგარაკების შესახებ კითხვით ეკონომიკის მინისტრსაც მიმართა, თუმცა დიმიტრი ქუმსიშვილმა უდროობის მოტივით კითხვას თავი აარიდა.

კომენტარები