ენერგეტიკა

ქართული კომპანია გასკო+ გაზპრომისგან 100 მილიონი კუბური მეტრის შესყიდვას გეგმავს

gazprom.com

რუსულმა ენერგოგიგანტმა "გაზპრომმა" ქართულ კომპანია "გასკო+"-სთან 100 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე გააფორმა შეთანხმება. კონტრაქტის გაფორმების შესახებ ინფორმაციას თავად "გაზპრომი" ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი "გაზპრომის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა და "გასკო+"-ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ მოაწერეს. იმისთვის, რომ კომპანიამ რუსული ბუნებრივი აირი შეისყიდოს, მან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან უნდა გააფორმოს ხელშეკრულება.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს "გასკო+" სენაკის რაიონს ბუნებრივი აირით ამარაგებს, კომპანიის 90%-იან წილს საქართველოს მოქალაქე, რუსეთში მცხოვრები ირაკლი ბიწაძე ფლობს, 10%-იანი წილის მფლობელი კი რუსეთის მოქალაქე გიორგი მამალაძეა. კომპანია 2007 წელს არის რეგისტრირებული. 

კონტრაქტის მოქმედების ვადა 2016 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით. რუსული ენერგოგიგანტის მონაცემებით, 2015 წელს “გაზპრომმა” საქართველოში კომპანია “ჯეოტრანსგაზს” 0,3 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი მიაწოდა.

 

კომენტარები