კოალიცია ქართული ოცნება

ბაქრაძე: დღეს ვიხილეთ ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისის გაფორმება

რესპუბლიკური პარტიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაფორმდა კოალიცია ქართული ოცნების რღვევის დაწყება. მთელი ის საუბარი, რაც მოვისმინეთ კონსტრუქციაზე, რომ თითქოს პარტია ინარჩუნებს მინისტრების პორტფელებს და ამავე დროს, მიდის ოპოზიციაში, გახლავთ უბრალოდ, საზოგადოებისთვის თვალის ახვევა, ვინაიდან წარმოუდგენელია, რომ ნახევარი პარტია იყოს ხელისუფლებაში, ხოლო ნახევარი ოპოზიციაში. ასეთი რამ პოლიტიკაში არ ხდება. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - ეს პროცესი გაგრძელდება, ეს პროცესი გაგრძელდება რესპუბლიკელების მთლიან გასვლამდე კოალიციიდან და რესპუბლიკურ პარტიას მიყვება სხვა პარტიები. ფაქტობრივად, დღეს ჩვენ ვიხილეთ ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება. ეს სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან ქართულ ოცნებას თავიდანვე არ ჰქონდა არავითარი ღირებულებითი ერთიანობა, ეს არის ერთი ადამიანის მიერ მეორის წინააღმდეგ შექმნილი პარტია, რომელსაც არ აერთიანებდა ღირებულებები, არ გააჩნდა მომავლის ხედვა, არ გააჩნდა ქვეყნის განვითარების გეგმა. ამან მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე, როდესაც ქვეყანა პრაქტიკულად გაჩერებულია, მოსახლეობაში არ არის მომავლის ხედვა, ადამიანებს აღარ აქვთ ხვალინდელი დღის რწმენა და არავინ არ იცის, საით მიდის ქვეყანა და რა იქნება ხვალ. ამიტომ, ქართული ოცნების დაშლა, რომელიც დღეს დაიწყო, ლოგიკურად გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება ქართული ოცნების საბოლოო ჩამოშორებით ხელისუფლებიდან 2016 წლის არჩევნებზე. ოქტომბრის არჩევნებზე დაშლილ და დანაწევრებულ ქართულ ოცნებას ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას და ჩვენი ამოცანა იქნება, მივიდეთ არჩევნებამდე მშვიდობიანად, ჩავატაროთ არჩევნები დემოკრატიულად და ქართველ ხალხთან ერთად, ისტორიას ჩავაბაროთ ის პარტია, რომელმაც ქვეყანას გაჩერების, უიმედობის და ფრუსტრაციის მეტი ვერაფერი ვერ მოუტანა. ჩვენი ამოცანა იქნება, 2016 წლის არჩევნები ჩავატაროთ ისე, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს ხვალინდელი დღის რწმენა, განვითარების განცდა და ხალხმა იგრძნოს, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც აწუხებს მოსახლეობის პრობლემა, რომელიც ზრუნავს ხალხზე და რომელსაც გააჩნია ქვეყნის განვითარების მწყობრი გეგმა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე.

კომენტარები