რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ და დღეს მოგახსენეთ, არის პარტიის გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის გადმოსახედიდან. ჩვენ გვქონდა ძალიან მჭიდრო კონსულტაციები ბატონ გიორგისთან და კოალიციის სხვა ლიდერებთან. ჩვენი გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩვენთვის ნათელი იყო, რომ პარტია ქართული ოცნების პრიორიტეტია უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა. ამ რეალობაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ გამოწვევას, ვიღებთ ამ რეალობას, რომელიც არის ნორმალური მოვლენა მრავალპარტიული ცხოვრებისთვის. მოგეხსენებათ, იქ სადაც კოალიციები იქმნება, კოალიციები იქმნება არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად. ხოლო რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნებზე პარტიები გადიან ან ცალ-ცალკე ან საარჩევნო ბლოკებად. ამიტომ, ჩვენი მიღებული გადაწყვეტილება არის გარკვეულწილად ახალი სიტყვა ქართული პოლიტიკური, დემოკრატიული სისტემის განვითარებაში და წინსვლაში.





