"ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ გენოციდი მოაწყო ეზიდების, ქრისტიანებისა და შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ",- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ისაუბრა.
ჯონ კერიმ ე.წ. ისლამური სახელმწიფო, რომელიც "დაეშად" მოიხსენია, გამოაცხადა "თვითგამოცხადებულ გენოციდალურ დაჯგუფებად, საკუთარი იდეოლოგიითა და ქმედებებით". მისივე თქმით, აღნიშნული დაჯგუფება პასუხისმგებელია კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებსა და ეთნიკურ წმენდაზე.
"ფაქტია, რომ დაეში კლავს ქრისტიანებს იმიტომ, რომ ქრისტიანები არიან, ეზიდებს იმიტომ, რომ ეზიდები არიან და შიიტებს იმიტომ, რომ შიიტები არიან", - თქვა ჯონ კერიმ.
ჯონ კერის თქმით, აშშ-ს აქამდე არ ჰქონდა წვდომა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად არეალზე, ამიტომ რთული იყო სრული სურათის შექმნა დაჯგუფების ქმედებებზე. კერიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მტკიცებულებების შეგროვებასა და ყველა დამნაშავის დასჯას.
ცნობისთვის, გაეროს კონვენციით, გენოციდი განსაზღვრულია, როგორც "ქმედება, რომელიც ხორციელდება ნაციონალური, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფების მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით".





