მსჯავრდებულთა შეწყალება

მიროტაძე: თუ ნაკლებად მძიმე დანაშაულებს პატრიარქი შეიწყალებს, არ იქნება ცუდი

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ კათალიკოს-პატრიარქს შეიძლება ჰქონდეს უფლება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი შეიწყალოს. მიროტაძის თქმით, ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე შეწყალების უფლების ქონას, არც პრეზიდენტის შემთხვევაში მიესალმება.

"მე მოვისმინე ამ ინიციატივის შესახებ და რადგან პატრიარქმა თავად გამოთქვა სურვილი, მას ეტყობა აქვს საფუძველი. თქვენ იცით, რომ ხშირ შემთხვევაში, როცა არის ხოლმე საუბარი პატრიარქის შეწყალებაზე, პატიმრების ოჯახის წევრები საპატრიარქოსგან ითხოვენ ხოლმე შუამდგომლობას შეწყალების თაობაზე. მე რა თქმა უნდა ყველა პატიმრის მიმართ სოლიდარული ვარ, მე ვგულისხმობ იმას, რომ რთულია როცა ადამიანი იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა არ არის მარტივი. მაგრამ არსებობს რასაკვირველია სასჯელის ზომა, რომლითაც იხდის სასჯელს. თუ შეწყალების უფლება ექნებოდა [პატრიარქს] მე მაინც ვიფიქრებდი, რომ (პატრიარქს კი არ შეეშლება, მაგრამ) უნდა მოხდეს იმ სასჯელების განსაზღვრა, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება იყოს შეწყალებაზე საუბარი. მე ისიც კი არ მომწონს, როცა პრეზიდენტს აქვს უფლება, მაგალითად შეიწყალოს პედოფილიაში ბრალდებული პირები, არ მომწონს როდესაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის შეწყალება ხდება, ძალიან არ მომწონს. არ აქვს მნიშვნელობა ამას ვინ შეიწყალებს.

რაც შეეხება იმას, როდესაც ადამიანს შემთხვევით რაღაც მოუხდება, იგივე, გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მე ვფიქრობ, რომ არ იქნება ცუდი თუ ამის [მათი შეწყალების] შესაძლებლობა ექნება პატრიარქს...

მე თუ ვიფიქრებდი, უნდა შეიწყალოს თუ არა, შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე, კი ბატონო, ვფიქრობ რომ ამაზე შეიძლება დაფიქრება, თუმცა, მძიმე დანაშაულებზე არა მხოლოდ პატრიარქის, არამედ ზოგადად შეწყალების წინააღმდეგი ვარ", - განუცხადა მიროტაძემ ტაბულას.

კომენტარები