მსჯავრდებულთა შეწყალება

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის საქმე და შეწყალება - პრეზიდენტი კითხვებს არ პასუხობს

"რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტის უფლებაზე საუბრობს, რომელიც მას მსჯავრდებულების შეწყალების დისკრეციას აძლევს. მსჯავრდებული კი ამ შემთხვევაში 22 წლის პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძეა.

"ეს უცებ გახდა სალაპარაკო პრობლემა, იმ დროს როცა ამდენი არის აქ პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში. მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება აქ ევროპაში, ევროპის შუაგულში დღეს, რომ ეს მცდელობები, რომ აქცენტი გადავიტანოთ სხვა საკითხზე, არის კიდევ ერთი მაჩვენებელი, იმის მაგივრად რომ ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე, რომელიც მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ ორი დღე თბილისში და მიიღონ პასუხები თბილისში", - თქვა ზურაბიშვილმა, რომელმაც 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა და რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის დროს და შემდეგ, აქტიურად აკრიტიკებდა მისი წინამორბედის, გიორგი მარგველაშვილის შეწყალების პოლიტიკას.

28 აგვისტოს შეწყალების შედეგად, საპატიმრო დატოვა მოჭიდავე რამაზ დევაძემაც, რომელიც სასჯელს პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა.

მკვლელობა ბათუმში 2014 წლის 27 დეკემბერს ღამის კლუბ "ლეგასში" მოხდა. ცნობილია, რომ 22 წლის პოლიციელი, თარაშ მუკბანიანი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.

რამაზ დევაძე იმავე ღამეს, სარფის საბაჟოზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის ქვეყნის დატოვებას აპირებდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სპორტსმენს 12 წლით, ხოლო მის თანმხლებ პირს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რამაზ დევაძის ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება არასწორი მუხლით წარიმართა - იყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა და არა განზრახ მკვლელობა. დავით ჯაფარიძის თქმით, ის ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაასამართლეს, რადგან პოლიციელი იყო დაღუპული.

"შემთხვევის დროს მუკბანიანი არ გახლდათ პოლიციელი. ის მეგობარ უზბეკ გოგონასთან ერთად ერთობოდა დისკო ბარში. ბესიკ მამულაძემ, რომელიც რამაზ დევაძესთან ერთად იყო კლუბში, ამ გოგონას მოუსვა ხელი საჯდომზე, რაც გააპროტესტა მუკბანიანმა და მათ შორის მოხდა დაპირისპირება. დევაძე გასაშველებლად მივიდა მაშინ, როცა მუკბანიანმა იარაღი ამოიღო, სროლა დაიწყო და დაჭრა სრულიად უცნობი ორი ადამიანი. დევაძემ წაართვა მას იარაღი. იატაკზე დაგდებული მუკბანიანი სხვა პირებმა სცემეს, რომლებიც არ დასჯილან. დევაძე იღებდა ტყვიას იარაღიდან, რომელიც არის ძველი და ძალიან ცუდი. ამ დროს მუკბანიანი დგება იატაკიდან და ლოყაში ხვდება შემთხვევით გასროლილი ტყვია", - ამბობს ადვოკატი.

2015 წელს, დევაძის დაკავების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან სინამდვილეში საზღვრის გადაკვეთა შეძლო, თუმცა შსს ირწმუნებოდა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, ენმ-ს მაშინდელი წევრი, გივი თარგამაძე საუბრობდა რამაზ დევაძისა და კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ახლობლობაზე.

ტაბულამ ამის შესახებ მის ადვოკატს ჰკითხა. დავით ჯაფარიძის თქმით, რევაზ დევაძე, მინდია გორაძე (ლავასოღლი) და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე წლების წინ მოჭიდავეების ერთ გუნდში იყვნენ. ადვოკატი ირწმუნება, რომ დევაძეს კრიმინალურ ავტორიტეტთან ურთიერთობა არ აქვს.

ამასთან, დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის იმდროინდელი უფროსს, დავით თამაზაშვილს დევაძის მიმართ პირადი ინტერესი ჰქონდა, რადგან მანამდე მათ შორის კონფლიქტი მოხდა. ადვოკატი ჰყვება, რომ თამაზაშვილმა იმ დროისთვის თანამდებობიდან ახალგათავისუფლებული ჭიკაიძის მისამართით შეიგინა, რაზეც რევაზ დევაძემ უთხრა, "რატომ აგინებ ჩემს მეგობარსო" და მოხდა შელაპარაკება.

ჯაფარიძე ირწმუნება, რომ თამაზაშვილმა "ეს ჩაიდო გულში" და მერე "მომენტი ნახა". მისი თქმით, საქმე პოლიტიკური იყო და ხელისუფლება დაინტერესებულიყო იმით, რომ დევაძე უკანონოდ ყოფილიყო მსჯავრდებული. 

ტაბულას კითხვას, რატომ შეიძლება ყოფილიყო ხელისუფლების ინტერესი სპორტსმენი, ადვოკატი ასე პასუხობს:

"თამაზაშვილმა ჩათვალა, რომ ის ჭიკაიძის კაცი იყო, მისი ახლობელი. ჭიკაიძეს ვერ იტანდა და შეუთითხნა ყველაფერი".

ადვოკატის ინფორმაციით, შეწყალებისთვის მიმართა გიორგი მარგველაშვილსაც, თუმცა უშედეგოდ. 

ამასთან, დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ მიმართა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც, თუმცა სარჩელი წარმოებაში არ მიიღეს.

ტაბულა მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიეღო პასუხი კითხვაზე - რატომ შეიწყალა ქვეყნის პირველმა პირმა განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული. პრესსამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე კი გვიპასუხეს, რომ გაარკვევენ, იქნება თუ არა კომენტარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყნის პირველ პირს აქვს უფლება მსჯავრდებული ერთპიროვნულად, მიზეზის გარეშე შეიწყალოს. თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, პრეზიდენტები შეწყალების აქტს ძირითადად, შეწყალების კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე გამოსცემდნენ. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა, შეწყალების კომისია დაიშალა.

ტაბულა დაუკავშირდა შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს. ზვიად ქორიძეს ვკითხეთ, თუ ახსენდება პრაქტიკაში ისეთი მსჯავრდებულის შეწყალება, რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ან პოლიციელის მკვლელობა. ის ამბობს, რომ ყოფილა განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებული ადამიანების შეწყალების შემთხვევები, თუმცა ეს იყო ნაწილობრივი შეწყალება, ანუ მათ სასჯელი შეუმცირდათ.

"კომისიის გადაწყვეტილება დამოკიდებული იყო საქმის მასალებზე და იმ დეტალებზე, რომლებიც დამატებით იყო მოძიებული კომისიის მიერ. ერთ სხდომაზე ძალიან ბევრი საქმე გამოდიოდა და კომისიის წევრები კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ მოძიებულ ინფორმაციებს ერთმანეთს ვუზიარებდით. ძალიან იშვიათი გამონაკლისები იყო, როცა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების შესახებ გავცემდით რეკომენდაციას, თუმცა ჩვენ ამას ვასაბუთებდით. ასევე, უნდა ვთქვა, რომ პრეზიდენტი ყოველთვის არ იზიარებდა ჩვენს მოსაზრებებს", - ამბობს ქორიძე.

მისი აზრით, რამაზ დევაძის შეწყალების საქმეზე საჭიროა მეტი ინფორმაცია, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები, მით უმეტეს, როცა უცნობია, რაზე დაყრდნობით მიიღო სალომე ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება.

"ამ საქმესთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია სჭირდება საზოგადოებას. თუ განვაზოგადებთ ამ ისტორიას, რა თქმა უნდა მივიღებთ ძალიან მძიმე სურათს, რომ პრეზიდენტი იწყალებს პოლიციელებზე თავდამსხმელ და პოლიციის მკვლელ ადამიანს. მაგრამ ყველა ისტორიას აქვს თავისი კონკრეტული გარემოებები და მნიშვნელოვანია, ეს საზოგადოებამ იცოდეს. სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებდა პრეზიდენტ მარგველაშვილის შეწყალების პოლიტიკას. თუმცა, გუშინ 34 ადამიანი შეიწყალა. ეს არ არის ცოტა. როცა ასეთი რაოდენობის ადამიანს იწყალებ ყოველგვარი კომისიური განხილვის გარეშე, საზოგადოებას თავისთავად უჩნდება კითხვა - ან საიდან მიიღო პრეზიდენტმა ეს ინფორმაცია, ან ვინ დაუმუშავა ეს ინფორმაცია, ვისთან ისაუბრა და იკამათა პრეზიდენტმა ამ თემაზე, რა პროცედურა გაიარა და ა.შ.", - ამბობს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს. მან ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, 2019 წლის მარტში ისაუბრა. ტაბულა დაინტერესდა, უწევდა თუ არა კონსულტაციას სამინისტრო პრეზიდენტს 28 აგვისტოს შეწყალების დროს. უწყებაში ამბობენ, რომ ადმინისტრაციას ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

უცნობია, რის საფუძველზე მიიღო სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებულის შეწყალების გადაწყვეტილება. ასევე, უცნობია რამაზ დევაძის გარდა, ვინ მოხვდა შეწყალებულთა სიაში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მათ შორის 8 ქალი და ერთი არასრულწლოვანია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის სალომე ზურაბიშვილს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული.

რამაზ დევაძის საქმე

ღამის კლუბში პოლიციელის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვებს "ბათუმელები" აშუქებდა. სწორედ "ბათუმელებმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 28 აგვისტოს შეწყალებულებს შორის რამაზ დევაძეცაა.

2015 წლის 31 აგვისტოს გამოცემა წერს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ღამის კლუბ "ლეგასის" სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეო კადრები აჩვენეს. "ბათუმელების" ინფორმაციით, კადრები პროკურორმა წარადგინა, თუმცა სრულად არ უჩვენებია და სასამართლოს ტექნიკურ პერსონალს კარნახობდა, რომელი კადრი უნდა გაეშვა.

"პროკურორის მიერ წარმოდგენილ კადრებში არსად ჩანს, რომ რამაზ დევაძე თარაშ მუკბანიანს მიჯრით ესვრის. თავის დროზე მედია სწორედ მიჯრით სროლაზე ავრცელებდა ინფორმაციას. ზოგადად, სროლის კადრებიც ძალიან ბუნდოვანია. ყოველ შემთხვევაში, კადრებზე, რომელზეც პროკურორი ამბობდა, რომ ეს იყო სასიკვდილო გასროლა, ადვოკატები არ ეთანხმებოდნენ და ამბობდნენ, რომ "აქ არ ჩანს სროლა".

პირველად იარაღი ძალიან მკვეთრად ჩნდება გარდაცვლილი პოლიციელის – თარაშ მუკბანიანის ხელში. კადრებიდან ასევე ნათლად ჩანს, რომ მეორე სართულზე, კიბის უჯრედთან ახლოს მყოფი თარაშ მუკბანიანი ძალიან მთვრალია და ცეკვავს გოგოსთან ერთად. ამ დროს რამდენიმე მამაკაცი გაივლის ზუსტად იმ დერეფანში, სადაც თარაშ მუკბანიანი ცეკვავს. ეს მოძრაობა თანდათან გადადის ჩოჩქოლში და შეხლა-შემოხლაში. სწორედ ამ დროს ჩნდება პირველად თარაშ მუკბანიანის ხელში იარაღი", - წერს "ბათუმელები".

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, თარაშ მუკბანიანი იარაღს რამდენიმე ადამიანს უმიზნებს. მოგვიანებით კი, რამაზ დევაძეს ის ზურგიდან ჰყავს შებოჭილი და საფეხურებით პირველ სართულზე ჩაჰყავს. ამ დროს პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, იარაღიანი ხელი ისევ თავისუფალი აქვს.

"პირველი სართულის დერეფანი სათანადოდ არ არის განათებული, ამიტომ 100%-იანი სიზუსტით შეუძლებელია იმის თქმა, საფეხურებზე თარაშ მუკბანიანის ჩაყვანის შემდეგ იქ რა ხდება ან ვინ ვის ესვრის. კადრში ასევე მკვეთრად ჩანს, რომ იარაღი, რომელიც თავის დროზე თარაშ მუკბანიანს ეჭირა ხელში პირველი სართულის კადრებში რამაზ დევაძის ხელშია. თარაშ მუკბანიანი კი იატაკზე წევს", - წერს ბათუმელები.

საქართველოს პროკურატურაში მაშინ ამბობდნენ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს "ლეგასში" შელაპარაკება მოუვიდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომელ თარაშ მუკბანიანთან.

"ჩხუბის დროს რამაზ დევაძემ მუკბანიანს წაართვა სამსახურებრივი იარაღი და შურისძიების მიზნით, იარაღიდან გასროლით, თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული ჭრილობისგან თარაშ მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - ამტკიცებდნენ უწყებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ბათუმელების" მიერ 2015 წელს სასამართლოდან გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, თარაშ მუკბანიანის მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე - 2014 წლის 26 ივნისს, რამაზ დევაძემ და კიდევ ორმა ადამიანმა კიდევ ერთ პოლიციელს და სხვა პირებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. 

ამ საქმესთან დაკავშირებით დევაძის დედა "ბათუმელებს" უყვება:

"რამაზი პუშკინის ქუჩაზე მეგობარს ტოვებდა დისკოთეკაზე. სადგომთან ვიღაც პიროვნება მივიდა და ეუბნება – ეი, შენ აქ რას აჩერებ მანქანას? უმიზეზოდ უცხო ადამიანს დედა შეაგინა, შეაფურთხა და ხელი დაარტყა. რამაზი გადმოვიდა მანქანიდან და ის პირი ლავაშივით გააბრტყელა. აღმოჩნდა, რომ რამაზიმ სცემა პოლიციელს".

კომენტარები