მსჯავრდებულთა შეწყალება

პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალება გომელაურისთვისაც "მიუღებელია"

ტაბულა

პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძის შეწყალება ვახტან გომელაურისთვისაც მიუღებელია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში მოსმენის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ნუ, ეს ჩემთვის რა თქმა უნდა მიუღებელია. არამარტო ეგ. მე ვთვლი, რომ მძიმე დანაშაულები ჩადენილი ვისაც აქვს, შეწყალება არ უნდა ხდებოდეს. ეს ჩემი მოსაზრებაა პირადი. რა თქმა უნდა, არ უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, მე ვგმობ ამას, ეს ჩემთვის მიუღებელია", - თქვა გომელაურმა [სტილი დაცულია].

აღსანიშნავია, რომ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას "კატეგორიულად მიუღებელი" უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, კატეგორიული წინააღმდეგია იმ ადამიანების შეწყალების, "რომლებმაც ხელი აღმართეს პოლიციელებზე, ბრალი აქვთ წარდგენილი პოლიციელის მკვლელობაში ან ძალადობაში".

ამას მოჰყვა საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის განცხადება. თეა წულუკიანის თქმით, პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძის შეწყალების საკითხი სამინისტროსთან ან პენიტენციურ სამსახურთან განხილული არ ყოფილა. წულუკიანი აღნიშნავს, რომ ისურვებდა, პოლიციელის და სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლის სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულის შეწყალება არ მოხდეს.

პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას "ძალიან მძიმე" უწოდა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა. კახა კალაძემ თქვა, რომ ამის შესახებ განმარტება პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. პრეზიდენტმა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული, არ უპასუხა.

"რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით... ეს უცებ გახდა სალაპარაკო პრობლემა, იმ დროს როცა ამდენი არის აქ პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში. მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება აქ ევროპაში, ევროპის შუაგულში დღეს, რომ ეს მცდელობები, რომ აქცენტი გადავიტანოთ სხვა საკითხზე, არის კიდევ ერთი მაჩვენებელი, იმის მაგივრად რომ ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე, რომელიც მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ ორი დღე თბილისში და მიიღონ პასუხები თბილისში", - თქვა ზურაბიშვილმა, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის დროს და შემდეგ, აქტიურად აკრიტიკებდა მისი წინამორბედის, გიორგი მარგველაშვილის შეწყალების პოლიტიკას.

კომენტარები