მსჯავრდებულთა შეწყალება

წულუკიანი: ვისურვებდი, პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულის შეწყალება არ მოხდეს

თეა წულუკიანი
ტაბულა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძის შეწყალების საკითხი სამინისტროსთან ან პენიტენციურ სამსახურთან განხილული არ ყოფილა. თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ ისურვებდა, პოლიციელის და სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლის სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულის შეწყალება არ მოხდეს.

"ვფიქრობ, რომ როდესაც სახეზეა პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის ან ისეთი ადამიანის მკვლელობა რომელიც არის სახელმწიფოს სახე, სახელმწიფოს წარმომადგენელი, მათი სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულების შეწყალება არ მოხდეს. მე ამას ვისურვებდი", - ამბობს თეა წულუკიანი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით.

აღსანიშნავია, რომ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას "კატეგორიულად მიუღებელი" უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, კატეგორიული წინააღმდეგია იმ ადამიანების შეწყალების, "რომლებმაც ხელი აღმართეს პოლიციელებზე, ბრალი აქვთ წარდგენილი პოლიციელის მკვლელობაში ან ძალადობაში".

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა.

კომენტარები