აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

ომბუდსმენი: ივანიშვილის კარიკატურების ბოძზე გაკვრა გამოხატვის თავისუფლებაა

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ოპერის წინ მდებარე სამშენებლო ღობეზე პლაკატების გაკვრის გამო, ტაბულას რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის, არხის გენერალური პროდიუსერის ლექსო მაჭავარიანის და სტუდენტ სალომე ხვადაგიანის დაკავება "გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას". ომბუდსმენის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და გაზპრომის კარიკატურების სამშენებლო ღობესა და გარე განათების ბოძზე გაკვრა გამოხატვის თავისუფლებითაა დაცული.

"გავრცელებულ კადრებში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ პლაკატების ღობეზე გაკვრა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზემოხსენებულ სამ პირთან მიმართებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება, ანუ „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე–ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.“

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში პლაკატები გაიკრა სამშენებლო ღობეზე (და არა ღობეზე) და გარე განათების ბოძზე. სამშენებლო ღობე და გარე განათების ბოძი ამ ჩამონათვალში არ არის მითითებული. რაც შეეხება „ადგილებს, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“, ნორმის აღნიშნული რედაქციის ფართო განმარტების პირობებში და იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შესაძლოა არასოდეს გამოყონ ასეთი ადგილები, გამოხატვის თავისუფლება ზედმეტად შეიზღუდება, რაც დაუშვებელია" - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.“ უჩა ნანუაშვილის თქმით, ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია გარკვეული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

"ამავდროულად, კანონი უნდა იყოს საკმარისად ცხადი და განჭვრეტადი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების წინასწარ განჭვრეტა. მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილისა და გაზპრომის კარიკატურების სამშენებლო ღობესა და გარე განათების ბოძზე გაკვრა გამოხატვის თავისუფლებითაა დაცული, მისი შეზღუდვა კი მოცემულ შემთხვევაში გაუმართლებელია" - აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენისთვის საყურადღებოა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენამდე პოლიციელებმა სამი პირი დააკავეს.

"მიმაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელებს პროცედურულად არ ქონდათ დაკავების უფლებამოსილება. მოხმობილი ნორმა მიუთითებს იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომელთა არსებობისას შესაძლებელია, საქმის სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, დაკავების უფლებამოსილების განხორციელება. აღნიშნულ ჩამონათვალში თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება მითითებული არ არის. პოლიციას დაკავება არ უნდა გამოეყენებინა იმის გამოც, რომ შეფარდებული 150–ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს 50–ლარიან ჯარიმას და არა ადმინისტრაციულ პატიმრობას, ამავდროულად, შესაძლებელი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ადგილზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს შსს უფლებამოსილი პირების გარდა, ადგენენ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი მოსამსახურეები, რომელთაც საერთოდ არა აქვთ დაკავების უფლებამოსილება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დაკავების შეუსაბამო ხასიათს მოცემულ შემთხვევაში.

სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პირის დაკავება, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, წარმოადგენს უკიდურესად შემზღუდველ საშუალებას და ის მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში, საამისოდ სერიოზული მიზეზების არსებობისას უნდა იქნეს გამოყენებული" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები