აქცია გაზპრომის წინააღმდეგ

პოსტერის გაკვრისთვის დაკავებული სტუდენტის პროცესი გადაიდო

ტაბულა

მოსამართლე ნანა დარასელიამ 16 ოქტომბერს გაზპრომის საწინააღმდეგო პოსტერის გაკვრისთვის დაკავებული სტუდენტის, სალომე ხვადაგიანის სასამართლო პროცესი გადადო. მომდევნო სხდომა 25 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

მოსამართლე მერიისგან ითხოვს ქალაქში არსებული ადგილების ჩამონათვალს, სადაც პოსტერების გაკვრა დასაშვებია.

მანამდე, სასამართლომ ამავე საქმეზე დაკავებული ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სამართალდამრღვევად გამოაცხადა და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ჩერგოლეიშვილის საქმე სხვა მოსამართლემ დღეს განიხილა.

მოსამართლემ გაიზიარა სახალხო დამცველის შენიშვნა, რომ განათების სვეტი არ ხვდება იმ ჩამონათვალში, სადაც პოსტერის გაკვრა სამართალდარღვევას წარმოადგენს, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩერგოლეიშვილი მაინც სამართალდამრღვევად ცნო.

ტაბულას დირექტორი დღევანდელი გადაწყვეტილების, ასევე 16 ოქტომბრის უკანონო დაკავების გასაჩივრებას აპირებს.

ამავე საქმეზე დაკავებული ტაბულას გენერალური პროდიუსერის, ლექსო მაჭავარიანის სასამართლო პროცესი კი 17 ნოემბერს გაიმართება.

თამარ ჩერგოლეიშვილი, სალომე ხვადაგიანი და ლექსო მაჭავარიანი ოპერასთან მდებარე ღობეზე, სადაც სხვა მრავალი სარეკლამო განცხადებაა გაკრული, გაზპრომის საწინააღმდეგო საინფორმაციო პოსტერების გაკვრისთვის დააკავეს, შემდეგ კი ხელწერილით გაათავისუფლეს. მათ თვითმმართველი ერთეულის დამახინჯებას ედავებიან. 

კომენტარები