ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა

ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს. ფარული კენჭისყრით, 18-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა ლევან კობიაშვილს, ხოლო 15-მა - რევაზ არველაძეს, მამუკა კვარაცხელიას - არცერთმა.

Holiday Inn-თან მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ლევან კობიაშვილისა და რევაზ არველაძის მხარდამჭერი აქციები. მათ შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.

დღევანდელ ყრილობაზე ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვათ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს. არსებული ინფორმაციით, ისინი მხარს რევაზ არველაძეს უჭერდნენ.

არველაძის კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოეთიშა დღევანდელ არჩევნებს. გეგა გობეჯიშვილი გუშინ საკუთარ სახლთან, ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ დღეს გაათავისუფლა. UEFA-ს დღევანდელი რეკომენდაციით, მას დელეგატის სტატუსი შეუჩერდა და მისი ადგილი სხვამ დაიკავა. 

Holiday Inn-ში მთელი დღის მანძილზე იმყოფებოდა ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე. მისი სახელი და გვარი მიწვეული სტუმრების სიაში არ ეწერა და არც პრეზიდენტობის კანდიდატებმა იცოდნენ, რა სტატუსით იმყოფებოდა იქ კალაძე. თავად მინისტრმა კი ახსნა, რომ ის არჩევნებზე მიიწვიეს.

კომენტარები