ოდესის ოლქის გუბერნატორმა უკრაინის მთავრობა და პრემიერი იაცენიუკი მკაცრად გააკრიტიკა. მეხუთე არხის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იაცენიუკის მთავრობას რეფორმების გატარება არ სურს და გადაწყვეტილებებს ოლიგარქების ინტერესების სასარგებლოდ იღებს. მისი თქმით, კონკურსის შედეგად შერჩეული ოდესის ოლქის რაიონების 16 გამგებლიდან მთავრობამ მხოლოდ 6 დაამტკიცა. იაცენიუკმა ასევე უკან დააბრუნა სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც სააკაშვილთან კონფლიქტის შემდეგ სამსახურს ჩამოაშორეს. იმავდროულად, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრემიერმინისტრობა არ სურს. იაცენიუკმა სააკაშვილის ბრალდებებს სიცრუე უწოდა.
"უკვე წელიწად-ნახევარია, აქ ვიმყოფები. მე არ მინახავს ნამდვილი რეფორმები. ვნახე მხოლოდ რეფორმების იმიტაცია. ვნახეთ პოლიციის რეფორმა, მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, რომ საუბარია სამართალდამცავი ორგანოების მხოლოდ მცირე ნაწილზე, დანარჩენი ისევ ისეთი კორუმპირებულია. გადაწყვეტილებებს რეფორმების შესახებ არ იღებენ. მე ვერ ვუწოდებ რეფორმებს იმას, რასაც მთავრობა უწოდებს, არსენი იაცენიუკი ტარიფების ზრდას რეფორმებს ეძახის, ეს ეკონომიკური კრიზისის შედეგია და არა რეფორმები... იაცენიუკი გადაწყვეტილებებს იღებს კოლომოისკის, ახმეტოვის და სხვა ოლგარქების სასარგებლოდ... მთავრობა რეალურად ოლიგარქიული ინტერესების მიერ კონტროლდება", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ "უკრაინის პრემიერმინისტრობა არ მინდა. მინდა, რომ პრემიერმინისტრმა იმოქმედოს უკრაინელი ხალხის და არა კოლომოისკის, ახმეტოვის ან ვინმე სხვის ინტერესებით".





