მსოფლიო ფასეულობათა კვლევა

WVS: გამოკითხულთა 86.8% ჰომოსექსუალს მეზობლად არ ისურვებდა

World Values Survey

2014 წლის მსოფლიო ფასეულობათა კვლევის (World Values Survey) ახალი ტალღის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 86.8% ჰომოსექსუალს მეზობლად არ ისურვებდა. სხვა რასის წარმომადგენელს არ ისურვებდა 32.1%, სხვა რელიგიის მიმდევარს - 36.4%. საქართველოში კვლევა GORBI-მ ჩაატარა. გამოიკითხა 1202 სრულწლოვანი.

ნარკომანს მეზობლად 90.2 % არ ისურვებდა, შიდსით ინფიცირებულს - 68.4%.

იმიგრანტებს/უცხოეთიდან ჩამოსულ მუშახელს მეზობლად არ ისურვებდა - 32.8%. ალკოჰოლზე დამოკიდებულს არ ისურვებდა - 77.9%.

ხოლო წყვილებს, რომლებიც ქორწინების გარეშე ცხოვრობენ ერთად, მეზობლად არ ისურვებდა გამოკითხულთა 26.5%, სხვა ენაზე მოსაუბრეებს - 20.2%.

გამოკითხულთა 86.1% თვლის, რომ გამართლებული არასდროს შეიძლება იყოს ჰომოსექსუალობა, პროსტიტუციას გაუმართლებლად მიიჩნევს 86%, აბორტს - 68.1%, განქორწინებას - 31.9%, ქორწინებამდე სქესობრივ კავშირს 55.6%.

ყველაზე მეტი გამოკითხული (90.6%) მამაკაცის მიერ ცოლის ცემას გაუმართლებლად მიიჩნევს, ევთანაზიას - 71.8%, თვითმკვლელობას - 89.3%, მშობლის მიერ ბავშვის ცემას - 71%, სხვა ადამიანის მიმართ ძალადობას კი - 88.9%.

გამოკითხულთა 90.4% თვლის, რომ ხალხთან ურთიერთობისას ფრთხილად უნდა იყოს. 8.8% კი მიიჩნევს, რომ უმეტესობას შეიძლება, ენდო.

კომენტარები