მაღალი პრემიები

ნარმანია მაღალ პრემიებზე: კითხვები ენმ-ის წევრებს დაუსვით

ტაბულა

თბილისის მერი დავით ნარმანია ჟურნალისტებს ურჩევს, საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს ანგარიშის შესახებ კითხვებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს მიმართონ. ნარმანიას მტკიცებით, სწორედ ენმ გასცემდა და იღებდა მაღალ პრემიებს და სახელფასო დანამატებს. თბილისის მერის თქმით, მას სახელფასო დანამატი და პრემია არ აუღია.

"მე არაერთხელ ვთქვი, რომ ჩვენი წინამორბედები პრემიებს და დანამატებს უხვად გასცემდა. ამიტომაც, ჯობია, რომ ამ საკითხებზე დეტალური კითხვები დაუსვათ თბილისის საკრებულოში მოკალათებულ ნაციონალური მოძრაობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც თვითონაც უხვად იღებდნენ დანამატებს და პრემიებს, ასევე უხვად გასცემდნენ დაქვემდებარებულ პირებზე. ესენი არის ბატონი აბესაძე, ქალბატონი უგრეხელიძე, ბატონი ახვლედიანი და ა.შ. მათ ჰკითხეთ, იმიტომ, რომ მათ დროს არის გაცემული. ჩვენ რაც მოვედით თბილისის მერიაში, მნიშვნელოვნად შევამცირეთ დანამატების და პრემიების მოცულობა და ამიტომ, გაცილებით უფრო ნაკლებს იღებენ ჩვენი ქვემდებარე ადამიანები, ვიდრე მათი მმართველობის დროს გაიცემოდა. რასაც ჩვენ გავცემთ, ეს არის ნორმალური იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაბამისი მოტივაცია. მე არ ამიღია არც დანამატი და არც პრემია", - აცხადებს ნარმანია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანგარიშის თანახმად, თბილისის მერიასა და საკრებულოში პრემიებისა და სახელფასო დანამატების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. ორგანიზაციამ 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. TI-მ ინფორმაცია 59 მუნიციპალიტეტიდან და 12 თვითმმართველი ქალაქიდან, მათ შორის თბილისის რაიონებიდან, გამოითხოვა.

"2012-2014 წლებში თბილისის მერიასა და საკრებულოში ჯამში 40 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. თბილისში პრემიებისა და დანამატების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება: 2012 წელს – 7,2 მილიონი ლარი გაიცა, 2013 წელს – 11,8 მილიონი ლარი, 2014 წელს კი 18,2 მილიონი. რაც შეეხება თბილისის რაიონების გამგეობებს, 2012-2014 წლებში პრემიისა და დანამატის სახით 3,3 მილიონი ლარი გაიცა. მაგრამ იმის გამო, რომ უწყებებს სრულყოფილი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, სავარაუდოდ, თანხის მოცულობა უფრო დიდია", - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.

კომენტარები