მაღალი პრემიები

IDFI: 2013 წლის 10 თვეში, შსს-ს თანამდებობის პირებმა თითქმის 7 მლნ-ის პრემია მიიღეს

IDFI

2013 წლის ათ თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებმა პრემიის სახით 6 969 892 ლარი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ IDFI-ს ორწლიანი დავის შემდეგ მიაწოდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი პრემიების შესახებ მონაცემებს 2014 წლის ივნისიდან ითხოვდა. შსს-მ მოთხოვნილი ინფორმაცია IDFI-ის მხოლოდ მას შემდეგ მიაწოდა, რაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საია-სთან ერთად, საქართველოს პროკურატურისგან მოითხოვა გამოძიების დაწყება შსს-ს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე.

2013 წელს (იანვარი-ოქტომბერი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 880 736 გაიცა ოქტომბერში.

მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბრამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 2 325 789 ლარი. შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პრემია მიღებული აქვს მხოლოდ თებერვალში - 4 335 ლარი.

"მინისტრისგან განსხვავებით, სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში უმეტესწილად პრემია გაიცემოდა ყოველთვიურად და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს. მაგალითად, მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია საიდანაც ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო, 113 500 ლარი, ალექსი ბატიაშვილმა - 107 250 ლარი, ლევან იზორიამ - 92 750 ლარი, ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში 74 000 ლარი, დავით ხუციშვილმა 69 750 ლარი, ხოლო გელა ხვედელიძემ 4 თვეში - 44 000 ლარი. ერთჯერადად მინისტრის მოადგილეებზე პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა გაცემულია ალექსანდრე ტაბატაძეზე - ივლისის პრემია 22 000 ლარი. 2013 წლის მაისში ალექსი ბატიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 15 750 ლარი, ხოლო ლევან იზორიას 13 250 ლარი" - აცხადებს IDFI.

კომენტარები