NDI-ის კვლევა

NDI: 23%-ის აზრით, საპარლამენტო ოპოზიცია მნიშვნელოვან ცვლილებებს გაატარებდა

NDI-ის გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებდა. პროცენტულად, ყველაზე მეტად, ასე დასავლეთ საქართველოსა (27%) და უმცირესობათა დასახლებებში (29%) გამოკითხულები მიიჩნევენ. ყველაზე ნაკლებად კი, ქალაქსა (17%) და აღმოსავლეთ საქართველოში (14%). რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში კვლევაში მონაწილეთა 25% თვლის, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებდა.

ამასთან, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა მნიშვნელოვანია. კვლევაში მონაწილეთა 44% ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, 6% კი, თავისუფალ დემოკრატებს.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 27 მარტი-19 აპრილის შუალედში ჩაატარა. NDI-მ ქვეყნის მასშტაბით 4360 ადამიანი გამოჰკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.3%.

კომენტარები