საქართველო-სომხეთის ურთიერთობა

საგარეო უწყება: თუ სააკიანი ბიბილოვს ნამდვილად შეხვდა, რეაგირება იქნება მკაცრი

ტაბულა
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა
გალუსტ სააკიანმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს უმასპინძლა, ქართული მხარის რეაგირება მკაცრი იქნება. ოსურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დავით კერესელიძე ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
 
კითხვაზე, იყო თუ არა ინფორმირებული შეხვედრის შესახებ ქართული მხარე, დავით კერესელიძემ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ოსურმა მედიამ გაავრცელა და შეხვედრა არ დადასტურებულა. კერესელიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საელჩო სომხეთში და ქართული მხარე ცდილობს, დააზუსტოს, ნამდვილად შეხვდა თუ არა გალუსტ სააკიანი დე ფაქტო პარლამენტის სპიკერს. 

"თუკი დადასტურდა, რომ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, ადეკვატურად მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ყველა იმ საშუალებით, რაც ჩვენ ხელთ გაგვაჩნია. ამაზე რეაგირება აუცილებლად იქნება", - განაცხადა კერესელიძემ.

კითხვაზე, კონკრეტულად რა რეაგირება იქნება, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ რეაგირების სხვადასხვა სახე არსებობს, მათ შორის - ნოტა, პროტესტი, დემარში, მიმართვა, კონსულტაციები, ელჩების შეხვედრა.

"არ ვიცი, ვნახოთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია. წინასწარ ნურაფერს ნუ ვიტყვით", - განაცხადა კერესელიძემ.

კომენტარები