მიგრაცია

ევროკავშირმა მიგრაციის წინააღმდეგ საზღვაო ოპერაციის ბიუჯეტი სამჯერ გაზარდა

ევროკავშირის ლიდერებმა საგანგებო სამიტზე ხმელთაშუა ზღვაში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ მიმდინარე საზღვაო ოპერაციის ბიუჯეტის სამჯერ, 120 მილიონ ევრომდე გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს კონტრაბანდისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაზე მანდატის თხოვნით. ევროპის ქვეყნები სამხედრო ოპერაციისთვის საკუთარ საზღვაო ძალებს გამოყოფენ. ევროპელი ლიდერები ასევე შეთანხმდნენ იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოებაზე, საიდანაც მიგრანტების ნაკადი მოედინება, ასევე შემოსული მიგრანტების განაწილებაზე ევროკავშირის ყველა ქვეყანას შორის.  

"ლიდერებმა დაავალეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, შეიმუშაოს ზომები კონტრაბანდისტების გემების დაკავებისთვის და განადგურებისთვის მანამ, სანამ მათ გამოიყენებენ. რასაკვირველია, საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვის ნორმების შესაბამისად", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

"შედეგები, რასაც სამიტზე მივაღწიეთ, საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ ამ საკითხზე მუშაობა და მაისის ბოლომდე ახალ ზომები შევიმუშაოთ. ოპერაცია ტრიტონის მანდატი ახლაც გვაძლევს საშუალებას, ზღვაში ვიმოქმედოთ, ამიტომ მისი მანდატის შეცვლა საჭირო არ არის", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა.

იტალიის სანაპირო დაცვამ ქვეყნის სანაპიროსთან მორიგი საზღვაო ტრაგედია აღკვეთა. მაშველებმა 84 აფრიკელი მიგრანტი მათი გემის ჩაძირვამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაარჩინეს. კიდევ 220-მა მიგრანტმა გასაბერი ნავებით იტალიის სანაპიროს მიაღწია. სულ იტალიაში ამჟამად 81 ათასი მიგრანტი იმყოფება, მათგან 13 ათასი არასრულწლოვანია, რომელსაც უფროსი არ ახლავს. იტალიის ხელისუფლების მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვაში 1700-მდე მიგრანტი დაიღუპა.

კომენტარები