უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

ზაქარია ქუცნაშვილის 10 კითხვა ნინო გვენეტაძეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის კითხვები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს. დეპუტატის თქმით, 16 მარტს ფრაქცია ქართული ოცნება გვენეტაძეს შეხვდება.

1. რამდენი გამამართლებელი განაჩენი გაქვთ გამოტანილი თქვენი მრავალწლიანი სამოსამართლო საქმიანობისას?

2. ვინ გაგიწიათ რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე?

3. ზაზა მეიშვილთან ერთად იღებდით თუ არა მონაწილეობას მოსამართლეთა დისციპლინურ დევნაში?

4. ზაზა მეიშვილთან ერთად მოსამართლეთა დევნისას ათავისუფლებდით თუ არა მათ თანამდებობიდან, მათ შორის, საპროცესო ვადების დარღვევისთვის?

5. ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული პოლიციელი თქვენ გაათავისუფლეთ პატიმრობიდან და ეს გადაწყვეტილება „გაამართლეთ" უკიდურესი აუცილებლობით. გთხოვთ, განგვიმარტოთ, ქრთამის აღების გამართლებით რა უფრო მნიშვნელოვანი სიკეთე გადარჩა?

6. ქრთამის აღების ფაქტზე მხილებულ გარდაბნის მოსამართლესთან დაკავშირებით შეატყობინეთ თუ არა მაშინდელ საქართველოს გენერალურ პროკურორს და დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამო მოსთხოვეთ თუ არა მას გამოძიების დაწყება?

7. ბორის მჭედლიძის საქმეზე თქვენ ძალაში დატოვეთ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ მისი მოადგილის ჩვენების საფუძველზე, რის შედეგადაც მას შეერაცხა რამოდენიმეწლიანი პატიმრობა და დაენგრა ოჯახი. იყო თუ არა რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც ადასტურებდა ბ.მჭედლიძის დანაშაულს?

8. ვალერი გელაშვილისთვის სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვის და ქონების ჩამორთმევისთვის შევარდნაძის ხელისუფლების დროს ხომ არ ჰქონდა ადგილი მაშინდელი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან თქვენზე ზეწოლას, რაც მისი ოჯახის 2 წევრის დაპატიმრება-გატაცებით და თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო 1.5 მილიონის ღირებულების ქონების ჩამორთმევით დამთავრდა?

9. საქართველოს მოსამართლემ კანონიერ დოკუმენტად და დასაშვებ მტკიცებულებად შეიძლება, ცნოს სეპარატისტული ხელისუფლების მიერ გაცემული რომელიმე აქტი?

10. საიდუმლო.

კომენტარები