უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

გვენეტაძე: უზენაესი სასამართლოს პრესცენტრის განცხადებაზე არაფერი ვიცოდი

თეორემა/ტაბულა

ტაბულას ეთერში, გადაცემა "თეორემაში" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძეს ის განცხადება შეახსენეს, სადაც მისი მოსამართლეობის პერიოდში, 2003 წელს, უზენაესი სასამართლო მოითხოვდა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაემოწმებინა გადაცემა "60 წუთის" სიუჟეტები და შეესწავლა, ხომ არ შეიცავდა ისინი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნებს. გვენეტაძე პასუხობს, რომ სასამართლოს განცხადება არ იყო მისი და მისი კოლეგების განცხადება.

"პრესცენტრის განცხადება არ არის არც ჩემი და არც ჩემი კოლეგების განცხადება, მას აშკარად აქვს მითითება რომ ეს არის პრესსამსახურის განცხადება. კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის ის განცხადება, რომელიც გამოხატავს უზენაისი სასამართლოს იმ დროინდელი სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეთა აზრს, ვინაიდან ჩვენ იმ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რაზედაც ამ პრესცენტრის განცხადებაში არის საუბარი და იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზედაც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება ჟურნალისტების პასუხისმგებლობის საკითხთან, ჩვენ არანაირი დამოკიდებულება არ გვქონია.

ნამდვილად შემიძლია, დავადასტურო, მე ასეთი განცხადების შესახებ არაფერი არ ვიცოდი და ამავდროულად, რომც მცოდნოდა მე ნამდვილად გავემიჯნებოდი ამ განცხადებას იმ ეტაპზეც, მაშინაც. იმიტომ, რომ ჩემი პროფესიული მოღვაწეობის მთელი პერიოდი და შემდგომ სასამართლოდან წამოსვლის პერიოდი იყო ბრძოლა უფლებებისათვის. ამიტომ მე მაშინ არაფერი არ შემიშლიდა ხელს, გავმიჯნოდი ამ განცხადებას და დამეფიქსირებინა პოზიცია",-თქვა გვენეტაძემ.

პრეზიდენტის მრჩეველ კახა კოჟორიძის მოსაზრებით კი, ის, რომ 2003 წელს აღნიშნული განცხადება გვენეტაძემ არ გააპროტესტა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ჰქონდა პროტესტის გრძნობა.

"ჩემი პოზიცია არის კრიტიკული და ნამდვილად ვერ მოვიწონებდი ამ წერილს, მაგრამ რაც შეეხება ამ წერილის ქალბატონ ნინოსთან კავშირს, ის ვერ აგებს ვერც სამართლებრივ, პოლიტიკურ, პროფესიულ პასუხისმგებლობას. იმიტომ, რომ კონკრეტული მოსამართლე არ წერს ასეთ განცხადებებს, ნინო გვენეტაძე არის კონკრეტული მოსამართლე, ის არის პასუხისმგებელი კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე. ის, რომ ქალბატონმა ნინომ არ გააპროტესტა ღიად და საჯაროდ ეს განცხადება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ განცხადების მიმართ იმ მომენტში არ ჰქონდა პროტესტის გრძნობა. მოსამართლეები საკმაოდ შეზღუდულები არიან იმაში, რომ პოზიციები საჯაროდ დააფიქსირონ",-თქვა კოჟორიძემ.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე გადაცემა 60 წუთის ჟურნალისტების დაკავებას ითხოვდა - ამის ვიდეომასალა გადაცემა 60 წუთის არქივიდან, რუსთავი 2-მა გაავრცელა.

2003 წლის ვიდეომასალაში ნაჩვენებია, როგორ სძალავენ მოქალაქეს ფულს მოსამართლეები და სასამართლო რგოლის სხვადასხვა წარმომადგენლები. ამ მასალის ეთერში გასვლის შემდეგ, იმ დროს დისციპლინარული საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო გვენეტაძემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მერაბ ტურავამ სამი პრესკონფერენცია გამართეს და ფუნდამენტურად, საფუძვლიანად დაგმეს 60 წუთი, რომელსაც მათი განცხადებით კანონიერი უფლება არ ქონდა ემხილა მექრთამე მოსამართლე და ამის გამო 60 წუთის თანამშრომლების დაპატიმრება მოითხოვეს. ამ მოთხოვნით მათ გენერალურ პროკურორს მიმართეს. ტექსტი კი გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში გამოქვეყნდა სათაურით - „60 წუთის მეშვეობით კრიმინალურმა სამყარომ ბრძოლა დაიწყო სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ“

ტექსტი იყო შემდეგი: საქართველოს უზენაესი სასამართლო მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაამოწმოს გადაცემა 60 წუთის სიუჟეტები. შეისწავლოს ხომ არ შეიცავს ისინი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნებს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

გვენეტაძის და ტურავას მოთხოვნას რუსთავი 2-ის განცხადებით კრიტიკა მოყვა როგორც საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

ტურავა-გვენეტაძის მოთხოვნას დავით უსუფაშვილიც აპროტესტებდა.

"სერიოზულად შემაშფოთა ამ წერილმა, მისი გავრცელების ფაქტმა. ვინაიდან მე აქ დავინახე გაბრაზებული სასამართლოს სიმპტომი და გაბრაზებული სასამართლო ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახიფათო მოვლენაა სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის“ - ამბობდა დავით უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენილი ნინო გვენეტაძე, 2012 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი 14-კაციანი სამუშაო ჯგუფის წევრი იყო. სწორედ ამ კომისიის მიერ შედგენილი სიის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა, 77 ხმით 14-ის წინააღმდეგ, მიიღო დადგენილება "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე", რომელსაც თან ახლავს პოლიტპატიმრების 190-კაციანი და პოლიტიკური ნიშნით დევნილების 25-კაციანი სია.

კომენტარები