უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

იურიდიულმა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა გვენეტაძეს მხარი დაუჭირეს

ნინო გვენეტაძე
ტაბულა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომას 10 დეპუტატი ესწრებოდა და ათივე მათგანმა ხმა მის სასარგებლოდ მისცა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში კენჭისყრამდე გვენეტაძე მოხსენებით წარდგა, შემდეგ კი შეკითხვებს უპასუხა. დეპუტატების შეკითხვები მის პოლიტიკურ წარსულს ეხებოდა - ნინო გვენეტაძე 2008-2012 წლებში რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. გვენეტაძეს ჰკითხეს ისიც, დაბრუნდება თუ არა ის რევანშის სურვილით უზენაეს სასამართლოში, საიდანაც 2006 წელს დისციპლინური დარღვევის გამო გათავისუფლდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად გვენეტაძეს მხარს იურიდიული კომიტეტიც უჭერს. სხდომაზე მხარდაჭერა 5-მა დეპუტატმა გამოხატა, 2 ბიულეტენი კი გაბათილდა.

იურიდიულ კომიტეტში ნინო გვენეტაძის მოხსენებას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. კანდიდატთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა ალექსი კობაიძემ მოისურვა, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტისთვის წარდგენილ კანდიდატთა სიაში იყო. კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ მას ამის საშუალება არ მისცა, რაც კობაიძის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით დღეს კომენტარი პრეზიდენტმაც გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტი მხარს დაუჭერს.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს. მათი ნაწილი ამბობს, რომ კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება. ნინო გვენეტაძის მხარდაჭერას არც ნაციონალური მოძრაობა გეგმავს.

პარლამენტში კომიტეტებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მოსმენის ვადა დღეს ამოიწურა. ხვალიდან ნინო გვენეტაძე საპარლამენტო ფრაქციების წინაშე წარდგება.

კომენტარები