ლარის კურსის გაუფასურება

კალაძე: გარკვეული ექსპერტები ლარის თემას ზედმეტად აზვიადებენ

ტაბულა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში სტუმრობისას, ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არა ეკონომიკური, არამედ სავალუტო კრიზისია.

"პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თქვენ ახსენეთ გადაცემის დაწყების წინ ეკონომიკური კრიზისი, რასაც ნამდვილად არ ვეთანხმები. ამას ჩვენ შეიძლება დავარქვათ სავალუტო კრიზისი, გარკვეული ექსპერტების მხრიდან მე ვფიქრობ ზედმეტად გაზვიადებულია თემა, არსებობს ქაოსის ნიშნები და ეს მე ვფიქრობ, ხდება მიზანმიმართულად. მიზანმიმართული პროპაგანდა გარკვეული ტელევიზიების მხრიდან.

თუმცა რაც შეეხება ლარის დევალვაციას ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ და უნდა შევხედოთ არსებულ სიტუაციას ასევე არამარტო რეგიონში, ზოგადად თუ რა ხდება მსოფლიოში, როგორი ვითარებაა კონკრეტულ ქვეყნებში დოლარის მიმართ. თუნდაც ავიღოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნები.

მე დღეს სპეციალურად ამოვაბეჭდინე, მაინტერესებდა თუ როგორ იყო დოლართან მიმართებაში სხვა ქვეყნების ვალუტა გაუფასურებული. 2015 წლის პირველი იანვრიდან მე შემიძლია მოგახსენოთ, რომ მაგალითად: უკრაინული გრინვა 90% - ით არის გაუფასურებული, აზერბაიჯანული მანათი 31% - ით, რუსული რუბლი - 13 % ით, ბელოროსიული რუბლი- 24%ით", - აცხადებს ვიცეპრემიერი.

გადაცემის ავტორმა ვიცეპრემიერს ჰკითხა: უკრაინაში არის სასტიკი ომი, აზერბაიჯანი ნავთობზე არის მიბმული და ნავთობის ფასი დაცემულია, რუსეთს სანქციები აქვს, ჩვენთან რა ხდება? რატომ აისახება საგარეო ფაქტორები ასე დრამატულად და მთავრობა რატომ შეხვდა ასე მოუმზადებელი?

"რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ რა თქმა უნდა საქართველოსთან კავშირი აქვს ამ ქვეყნებს და მე განვაცხადე რამდენჯერმე ინტერივუებში, რომ საგარეო ვითარება ძალიან მოქმედებს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და თუნდაც ლარის დევალვაციაზე. თუნდაც რუსეთში მიმდინარე პროცესები , უკრაინაში მიმდინარე ომი, ასევე ჩვენ თუ გადავხედავთ ევროპულ ქვეყნებში ევროც გაუფასურდა დოლართან მიმართებაში.

ძალიან შემცირებულია ექსპორტი, თქვენ იცით რომ ძალიან დიდი პროდუქციის ნაწილი, რომლის წარმოება ხდებოდა საქართველოში გადიოდა რუსეთში , უკრაინაში და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შეფერხებები და გაზრდილი იმპორტი, თუმცა აქ ჩვენ სიტუაციას ვხედავთ, ფაქტიურად ყველგან დაახლოებით ერთიდაიგივე სიტუაციაა, მარტო საქართველო არ არის გამონაკლისი, ძალიან დიდი უბედურება იქნებოდა, რომ ეს მარტო საქართველოში ხდებოდეს დღეს, თუმცა ამით ტავი არ უნდა დავიმშვიდოთ.

ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ძალიან მძიმეა იმ ადამიანებისთვის ვისაც მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, ვისაც კრედიტები აქვს აღებული დოლარში, რათქმაუნდა იმათ უფრო მეტი თანხის გადახდა უწევთ. ეს რათქმაუნდა ძალიან მძიმე სურათს ქმნის, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ჩვენი მთავრობის, ხელისფულების პოზიცია თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული სამომავლოდ", - თქვა ვიცეპრემიერმა.

კომენტარები