უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

ნინო გვენეტაძე პოლიტპატიმრების სიის შემდგენი სამუშაო ჯგუფის წევრი იყო

ნინო გვენეტაძე
ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენილი ნინო გვენეტაძე, 2012 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი 14-კაციანი სამუშაო ჯგუფის წევრი იყო.

სწორედ ამ კომისიის მიერ შედგენილი სიის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა, 77 ხმით 14-ის წინააღმდეგ, მიიღო დადგენილება "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე", რომელსაც თან ახლავს პოლიტპატიმრების 190-კაციანი და პოლიტიკური ნიშნით დევნილების 25-კაციანი სია.

გვენეტაძის თანამონაწილეობით შედგენილი სიის საფუძველზე, პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭათ 26 მაისის აქციაში მონაწილე აქტივისტებს, მათ შორის ნინო ბურჯანაძის მძღოლს, რომელმაც პოლიციელი გაიტანა, ყინწვისში დაკავებულ ბადრი ბიწაძის 24-კაციანი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს, მუხროვანის ამბოხის მონაწილეებს, ოპერაცია ენვერის შედეგად დაკავებულ პირებსა და სახალხო მართლმადიდებელი მოძრაობის წევრებს, რომელთაც ტელეკომპანია კავკასიაში ჟურნალისტებს სცემეს.

ჯგუფი შექმნიდან ორ კვირაში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" ვადებისა და ფორმატის გამო დატოვა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამი იყო:

"სამუშაო ჯგუფის მუშაობისას გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომლებიც ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ჯგუფის ეფექტიანად მუშაობისათვის. სამუშაო ფორმატი და ვადები არ იძლეოდა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას. ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მივიჩნევთ, რომ ჯგუფმა უნდა მოამზადოს დასაბუთებული, ობიექტური და სამართლიანი რეკომენდაციები თითოეული საქმის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ზედაპირული შეფასებები, უზუსტობები და უსამართლო მიდგომები.

ეს შეთავაზება არ გულისხმობდა ყველა საქმის მასალის დეტალურ შესწავლას და პროცესის წლების განმავლობაში გაჭიანურებას, არამედ იმ აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების შეფასებას, რაც აუცილებელი იყო პირისათვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მისანიჭებლად. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა ვერ მოხერხდა და ჯგუფში აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და და “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” დატოვა ჯგუფის შემადგენლობა", - ნათქვამი იყო განცხადებაში.

კომენტარები