ე.წ. კაბელების საქმე

დელტაკომი: ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებმა უკანონო სამუშაოები ჩაატარეს

"კვირას" პრესკლუბი

კომპანია დელტაკომის დირექტორი ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატს, გიორგი სამუშიას ხულოს რაიონში ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალზე უკანონო სამუშაოების ჩატარებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 4 თებერვალს მათ ნახეს, რომ სამუშია რამდენიმე სხვა პირთან ერთად მიწის სამუშაოების ატარებდა და მის შესაჩერებლად საპატრულო პოლიციის გამოძახებაც მოუხდათ. კომპანიის დირექტორი, პაატა ქიქოძე განმარტავს, რომ ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებმა დელტაკომს მაგისტრალზე ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს. მისივე თქმით, ადვოკატებმა მათი მოთხოვნა საექსპერტო ბიუროზე ინფორმაციის მიწოდებასა და თავიანთი წარმომადგენლის დასწრებაზე არ გაითვალისწინეს და სამუშაოები უკანონოდ ჩაატარეს. პაატა ქიქოძე სამართალდამცავებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის დაცვისკენ მოუწოდებს.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ადვოკატები კი, დელტაკომის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ექსპერტიზა პროკურატურასთან შეთანხმებით, კანონის სრული დაცვით ტარდება. ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, სამუშაოების ჩატარებისას დელტაკომის სადენები არავის დაუზიანებია. ადვოკატების თქმით, ექსპერტიზა იმის დასადგენად ტარდება, თუ რა სტანდარტებით აქვს დელტაკომს სადენები გაყვანილი, რადგან აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ თავდაცვის სამინისტროს შესაბამის მომსახურებას არა 6, არამედ 2 მილიონად გაუწევდნენ.

ადვოკატებმა განცხადება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების საქმის სასამართლო განხილვის შესახებაც გააკეთეს. მათი თქმით, წინასასამართლო სხდომა რამდენჯერმე გადაიდო, თავდაპირველად ის 10 დეკემბერს ჩაინიშნა, შემდეგ პროკურატურის შუამდგომლობით ჯერ 1-ლი თებერვლისთვის, მოგვიანებით კი 1-ლი აპრილისთვის გადაიდო. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი 4 მილიონზე ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას შეეხებოდა. სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა კი კომპანია სილქნეტი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს და მომსახურებაში, რომელიც, პროკურატურის შეფასებით, 2 მილიონი ლარის ღირებულებისაა, სილქნეტმა 6 მილიონი ლარი მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანაშრომლების დაკავებას მაშინდელმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, რასაც რამდენიმე დღეში მისი თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.

კომენტარები