საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

ბერუჩაშვილი: ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში დანიშვნაზე ჭორები მრავლად არის

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტში თანამდებობზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ინიშნებიან, არ არსებობს. როგორც მან ბრიუსელში განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია მათი დანიშვნის შესახებ სასიამოვნო არ არის.

"მრავლად არის ინფორმაცია, სპეკულაცია, ჭორები ამ თემაზე, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე. კონკრეტული ოფიციალური ინფორმაცია, თქვენც რაც ხელთ გაქვთ, ნამდვილად არ არსებობს", - განაცხადა ბერუჩაშვილმა და აღნიშნა, რომ პრემიერს დაგეგმილი აქვს უკრაინაში ვიზიტი. მისივე თქმით, ერთი კვირის წინ საქართველოს საგარეო უწყებას ჰქონდა ოფიციალური კონსულტაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

ცნობისთვის, უკრაინული მედია საქართველოს ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა მაღალჩინოსნის მაღალ თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნის შესახებ უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში იუწყება. უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო KyivPost-მა გუშინ ინფორმაცია გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ, თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ მან უარი თქვა შეთავაზებაზე.

წინა კვირას გავრცელებული ცნობის მიხედვით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე, შესაძლოა, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დაინიშნოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმავე პოსტზე ეკა ზღულაძის კანდიდატურის განხილვის შესახებ. ამასთან, ფრაქცია პეტრო პოროშენკოს ბლოკმა უმაღლეს რადას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი წარუდგინა. 

კომენტარები