საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

კრემერი: სააკაშვილის დანიშვნით შესაძლოა რუსეთი ოდესის წინააღმდეგ გააქტიურდეს

lithuaniatribune.com

სააკაშვილისთვის უკრაინის დახმარება რუსეთისთვის ანგარიშის გასწორების ერთგვარი საშუალებაა - ამის შესახებ მაკკეინის ინსიტუტის დირექტორმა ადამიანის უფლებების დაცვის დარგში დევიდ კრემერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.

კრემერი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა უცნაურად ეჩვენება.

„მართალი გითხრათ ეს ცოტა უცნაურია. როგორც მე მესმის პრეზიდენტ პოროშენკოს და სააკაშვილს ახლო ურთიერთობა აქვთ. ამასთან, სააკაშვილს დამსახურებულად აქვს საქართველოში დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის კარგი რეპუტაცია. თუმცა, სრულიად განსხვავებული გამოწვევაა საქართველოში მიღწეული წარმატების უკრაინასთან და განსაკუთრებით ოდესასთან მისადაგება, სადაც კორუფციის უდიდესი პრობლემები არსებობს. გარდა ამისა, ოდესა დონბასს ესაზღვრება, სადაც რუსეთის ჯარები იმყოფებიან და სამხედრო აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, ოდესა შეიძლება მომდევნო სამიზნე გახდეს." - განაცხადა კრემერმა.

კრემერის განცხადებით სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნას უკრაინელებიც არაერთგვაროვნად შეხვდნენ და მიაჩნია, რომ გუბერნატორი ხალხმა უნდა აირჩიოს და არა პრეზიდენტმა დანიშნოს.

„მათი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ 'ნუთუ არ იყო უკრაინელი, რომელიც ოდესის გუბერნატორობას შეძლებდა?' მე, როგორც ამერიკელს, მტკიცედ მჯერა იმის, რომ გუბერნატორები უნდა იყვნენ არჩეული და არა დანიშნული. ამით მათ ამომრჩეველთან მეტი ანგარიშვალდებულება ექნებათ. არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ შესაძლებლობის ქონის შემთხვევაში ოდესელებს მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორად აერჩიათ,"- აცხადებს კრემერი.

კრემერი იმედს იტოვებს, რომ რუსეთი უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მხოლოდ დღემდე გამოხატული ცინიზმითა და სარკაზმით შემოიფარგლება და ოდესაში სამხედრო მოქმედებებს არ დაიწყებს იმის გამო, რომ იქ ადგილობრივი მმართველი მიხეილ სააკაშვილია.

„იმედია, რომ სააკაშვილის ოდესაში ყოფნით რუსეთი არა მხოლოდ მის წინააღმდეგ, არამედ ოდესის წინააღმდეგაც არ გააქტიურდება. მოსკოვში ზოგიერთი ამას უდავოდ პროვოკაციად მიიჩნევს. მედვედევმა ტვიტერზე დაწერა, რომ ამის გამო [სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის გამო] უკრაინა ეცოდება. იმედია ასეთი დაცინვისა და სარკაზმის მეტს არაფერს გააკეთებენ და საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას მის წინააღმდეგ სამხედრო გზით არ ეცდებიან" - ამბობს კრემერი.

თუმცა, კრემერს მიაჩნია, რომ პერსონალურ დონეზე სააკაშვილისთვის ეს საფრთხეები შესაძლოა გამართლებულია, რადგან ოდესაში წარმატების მიღწევით ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ერთგვარ სამაგიეროს გადაუხდის.

„ეს არ არის ავტომატურად ცუდი გადაწყვეტილება.უცხოელების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის მთავრობას მმართველობაში ძირეული ცვლილებების განხორციელება სურს. სააკაშვილი დანიშვნა ასევე უკავშირდება შეხედულებას, რომ ის ძალიან წარმატებული იყო კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. თუმცა, მოგვიანებით მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა, რის შემდეგაც სააკაშვილი საქართველოდან წავიდა და რამდენიმე ხანი ალბათ ვერც დაბრუნდება მისთვის წაყენებული ბრალდებების გამო. ის ახალგაზრდა, მოუსვენარი ადამიანია და ბევრი კარგი რამის გაკეთება ჯერ ისევ შეუძლია. არ ვიცი ზუსტად რას ფიქრობს, მაგრამ, ჩემი აზრით, უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა მის თვალში რუსეთისთვის ანგარიშის გასწორების ერთგვარი საშუალებაა," აცხადებს კრემერი.

კომენტარები