ავიაკატასტროფა

TOTAL-ის პრეზიდენტის დაღუპვის ფაქტზე ერთი ბრალდებული დააკავეს

რუსეთში ავიაკატასტროფის გამოძიება მიმდინარეობს, რომელშიც ფრანგული ნავთობკომპანია TOTAL-ის პრეზიდენტი  კრისტოფ დე მარჟერი და კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. ფალკონის ტიპის კერძო თვითმფრინავი თოვლის საწმენდ მანქანას შეეჯახა. რუსმა გამომძიებლებმა ფრანგ კოლეგებთან ერთად შავი ყუთების გაშიფვრა დაიწყეს. რუსული მედიის ცნობით, საქმეზე იგივე გამომძიებელი მუშაობს, რომელიც 2010 წელს ლეხ კაჩინსკის და მისი თანმხლები პირების დაღუპვას იძიებდა.

"გამომძიებლები საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად შემთხვევის ადგილის შესწავლას განაგრძობენ. შავი ყუთები სპეციალისტებს გადაეცა. რაც შეეხება თოვლსაწმენდი მანქანის მძღოლს, ის 48 საათით დაკავებულია და გამოძიება მის დაპატიმრებას მოითხოვს. რასაკვირველია, აეროპორტის ხელმძღვანელობა პასუხს აგებს ამ დაუდევრობის შედეგებზე. გამოძიება მათ ქმედებებს შეფასებას მისცემს და ახალ დაკავებებს არ გამოვრიცხავ" - აცხადებს საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი ვლადიმირ მარკინი.

დაკავებულის ადვოკატი  უარყოფს გამოძიების მტკიცებას იმის შესახებ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნასვამი იყო და აცხადებს, რომ  ბრალდებული მანქანების კოლონასთან ერთად მუშაობდა და დისპეტჩერის ინსტრუქციებს ასრულებდა. რუსულმა მედიამ ბრალდებულის დაკითხვის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.

"როდესაც ორიენტირი დავკარგე, ვერ შევამჩნიე, ასაფრენ ბილიკზე როგორ აღმოვჩნდი. თვითმფრინავი ფრინდებოდა, მაგრამ მე მას პრაქტიკულად ვერ ვხედავდი და არ მესმოდა, რადგან ტექნიკა მუშაობდა. არ იყო განათება. მერე დარტყმა იყო" - ამბობს თავის ჩვენებაში ბრალდებული ვლადიმირ მარტინენკო.

კომპანია TOTAL-ის დირექტორთა საბჭომ ახალი გენერალური დირექტორი დაამტკიცა. ამ თანამდებობას ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი პატრიკ პუაიანე დაიკავებს. კომპანიის პრეზიდენტად კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტიერი დემარე დაამტკიცეს.

კრისტოფ დე მარჯერი რუსეთთან თანამშრომლობის, მის ეკონომიკაში ინვესტირების მომხრე და ამ ქვეყნის მიართ სანქციების გამოყენების მოწინააღმდეგე იყო. ექსპერტების ვარაუდით, მისი დაღუპვისა და კომპანიაში ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის შემდეგ ტოტალის პოლიტიკა ამ მიმართულებით შესაძლოა შეიცვალოს.

კომენტარები